ევროპის კოსმოსური სააგენტოსა და რუსეთის ერთობლივი მისია გადაიდო
ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ (ESA) გაავრცელა განცხადება, რომელშიც იტყობინება, რომ როსკოსმოსთან მათი ერთობლივი მისია ExoMars-ის გადადების გადაწყვეტილება მიიღო. ძნელი მისახვედრი არაა, რომ ეს რუსეთის უკრაინაში შეჭრას უკავშირდება.
აგრესორი ქვეყნის ქმედებების საპასუხოდ, ESA მასთან პარტნიორობას დროებით წყვეტს, რაზეც სააგენტოს წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებმა 2-დღიანი მსჯელობის შედეგად მოილაპარაკეს. აღსანიშნავია, რომ ყველა მათგანს რუსეთისთვის სანქციები აქვს დაწესებული.
მისია ExoMars-ის ფარგლებში ახალი მარსმავალი წითელ პლანეტაზე მიმდინარე წლის სექტემბერში, როსკოსმოსის რაკეტა Proton-ით უნდა გაეშვათ. აპარატის გაგზავნა, სხვადასხვა ტექნიკური მიზეზის გამო, 2018 წლიდან მოყოლებული, არაერთხელ გადაიდო. ახლა კი ვიგებთ, რომ თარიღმა კიდევ გადაიწია.
"უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში ჩვენი წევრი სახელმწიფოები ESA-ს კოსმოსურ პროგრამებზე უკრაინაში მიმდინარე ომის გავლენას განიხილავდნენ. სექტემბერში ჩანიშნული მისიის, ExoMars-ის განხორციელების გადადების შესახებ რთული, თუმცა საჭირო გადაწყვეტილება ერთად მივიღეთ და ვგეგმავთ, შევისწავლოთ, სამომავლოდ რა არჩევანი გვაქვს", — წერს სააგენტოს გენერალური დირექტორი, ჟოზეფ ეშბაქერი ტვიტერზე გამოქვეყნებულ პოსტში.
"როგორც მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც ევროპულ ღირებულებებს კოსმოსური პროგრამების დაგეგმვისა და შესრულების დროსაც ითვალისწინებს, მწუხარებას გამოვთქვამთ უკრაინისადმი აგრესიით გამოწვეული ადამიანური დანაკარგისა და ტრაგიკული შედეგების გამო", — ვკითხულობთ ESA-ს განცხადებაში.
მნიშვნელოვანია, რომ ESA ალტერნატიულ გამოსავალს ეძებს დამატებით 4 მისიისთვისაც, რომელიც რუსული ხომალდის, Soyuz-ის გამოყენებას ითვალისწინებდა.
კომენტარები