მალე ჰოგვორტსის თემატიკაზე შექმნილი ვიდეოთამაში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
რამდენიმე თვეში ჰარი პოტერის სამყაროს თემატიკაზე შექმნილი ვიდეოთამაში Hogwarts Legacy გამოვა. იგი ხელმისაწვდომი პერსონალურ კომპიუტერებზე, ასევე, PlayStation 4-ის, PS5-ის, Xbox One-ისა და Xbox Series-ის კონსოლებზე იქნება.
ახლახან State of Play-ის ღია სამყაროს როლური თამაშებისათვის მიძღვნილ ლაივსტრიმზე WB Games Avalanche-მ თამაშის ტრეილერი წარმოგვიდგინა.
Hogwarts Legacy ჰარი პოტერის სამყაროს თემატიკაზე შექმნილი ვიდეოთამაშია, თუმცა სიუჟეტი წიგნში მომხდარ მოვლენებზე ბევრად ადრე, 1800-იან წლებში, ვითარდება.
ასევე იხილეთ: საქართველოს ისტორიისა და ტექნოლოგიების სინთეზი — ყველაფერი, რაც კომპიუტერულ თამაშ "დიდგორზე" ვიცით
მოთამაშეები, კერძოდ, ჰოგვორტსის მაგიისა და ჯადოქრობის სკოლის მეხუთე კურსელები იქნებიან. ისინი გაკვეთილებს დაესწრებიან და შელოცვებს, ჯადოსნური სასმელების მოხარშვას, მაგიური მცენარეების გაზრდასა და ველური ურჩხულების მოთვინიერებას ისწავლიან. მათ უნიკალური შესაძლებლობა ექნებათ, უძველესი მაგია გამოიყენონ და მისი საშუალებით ჯადოსნური სამყარო ბოროტი ძალებისაგან იხსნან.
მოთამაშეები ასევე შეძლებენ: იფრინონ ცოცხებით, შეიძინონ მეგობრები, რომლებთან ერთადაც სხვადასხვა დავალებას შეასრულებენ, სურვილისამებრ გაიუმჯობესონ შესაძლებლობები. საგულისხმოა, რომ თამაშში, ჰოგვორტსის სკოლის გარდა, ჰოგსმიდის მაღაზიებსაც ვიხილავთ.
აღსანიშნავია, რომ ჰარი პოტერის ავტორი ჯოან როულინგი მის შექმნაში უშუალოდ არ არის ჩართული, თამაშის ძირითადი სიუჟეტური ხაზი კი წიგნის ანალოგიური არ იქნება. Hogwarts Legacy-ს ახალი პროფესორები, სტუდენტები, ბოროტმოქმედები, მენტორები და არსებები ეყოლებიან, თუმცა რამდენიმე უკვე კარგად ნაცნობ მოჩვენებასაც ვიხილავთ.
სავარაუდოდ, თამაშის გამოსვლის ზუსტი თარიღი მალე გახდება ცნობილი, მანამდე კი ისღა დაგვრჩენია, დავიცადოთ, სანამ ჰარი პოტერის ჯადოსნურ სამყაროს საკუთარ თავებზე გამოვცდიდეთ.
კომენტარები