Reuters: უკრაინა ომში სახის ამოსაცნობად Clearview-ის ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას იწყებს
Reuters-ის ცნობით, უკრაინის სამხედროები კომპანია Clearview AI-ის სახის ამოცნობის ტექნოლოგიის გამოყენებას იწყებენ. მათ ეს რუსების დასაფიქსირებლად და დაღუპულების იდენტიფიცირებისთვის გამოადგებათ.
Clearview AI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჰოან ტონ-ტატმა როიტერს განუცხადა, რომ კომპანიამ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს თავისი პროგრამული უზრუნველყოფის უფასო გამოყენება შესთავაზა.
დღემდე, გაეროს ანგარიშით უკრაინაში 636 მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვაა დაფიქსირებული. ეს რიცხვი, სავარაუდოდ, გაცილებით მეტია, მით უმეტეს, რომ ვრცელდება ინფორმაცია მასობრივი საფლავების შესახებ ალყაშემორტყმულ ქალაქებში. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი ქალაქი მარიუპოლია.
ახლა კი, კომპანია ცდილობს თავისი ტექნოლოგიით უკრაინას დაეხმაროს და ამით რუსეთის აგრესია დაგმოს. Clearview-ის აღმასრულებელმა დირექტორმა განმარტა, რომ უკრაინელებს შეუძლიათ გამოიყენონ ტექნოლოგია საგუშაგოებზე რუსი ოპერატიულების გამოსავლენად, გვამების იდენტიფიცირებისთვის და ასევე დეზინფორმაციასთან საბრძოლველად.
მიუხედავად იმისა, რომ უცნობია, რამდენად აქტიურად გამოიყენებს უკრაინა ამ სამხედრო პროგრამულ უზრუნველყოფას, კომპანიის დირექტორმა განაცხადა, რომ უკრაინის სამთავრობო უწყებები გეგმავენ ამ ტექნოლოგიის გამოყენებას უახლოეს დღეებში.
Clearview-ში ამბობენ, რომ მათ აქვთ 10 მილიარდზე მეტი სურათისგან შემდგარი მონაცემთა ბაზა, რომელთაგან 2 მილიარდი მოდის რუსული სოციალური მედიის პლატფორმიდან VKontakte.
Clearview AI არის ამერიკული სტარტაპია, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს სახის ამოცნობის უზრუნველსაყოფად იყენებს. კომპანია მომსახურებას სამართალდამცავ ორგანოებს, უნივერსიტეტებსა და ინდივიდებს სთავაზობს.
თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.
კომენტარები