Snapchat მეგობრებისთვის ადგილმდებარეობის რეალურ დროში გაზიარების ფუნქციას ამატებს
ონლაინ მიმოწერის აპლიკაციას Snapchat ახალი ფუნქცია ემატება — აპლიკაციის მომხმარებლები მალე მეგობრებისა და ოჯახის წევრებისთვის ადგილმდებარეობის რეალურ დროში გაზიარებას შეძლებენ, 15 წუთით ან რამდენიმე საათით.
ეს ადამიანებს დაეხმარება, პანდემიის გამო მივიწყებულ სოციალურ ცხოვრებას დაუბრუნდნენ და, მაგალითად, დარწმუნდნენ, რომ მათი ახლობლები ღამით სახლში მშვიდობით მივიდნენ. რაც მთავარია, მდებარეობას არა ყველას, არამედ კონკრეტულ ინდივიდს გავუზიარებთ, რაც მომხმარებელთა უსაფრთხოებას ემსახურება. ამისთვის ორივე მხარე აპლიკაციაში დამეგობრებული უნდა იყოს. საბოლოო თანხმობამდე სისტემა შეგვახსენებს, რომ აღნიშნული ფუნქცია მხოლოდ სანდო პირებთან გამოვიყენოთ, რათა ადევნებისგან დავიცვათ თავი.
2017 წლიდან მოყოლებული, კომპანია საშუალებას გვაძლევს, რომ ადგილმდებარეობა Snap რუკის მეშვეობით გავაზიაროთ. ბოლო მონაცემებით, ამ შეთავაზებით ყოველთვიურად უკვე 250 მილიონი ადამიანი სარგებლობს და ზემოხსენებული სიახლეც მათ მოთხოვნებსა თუ შეფასებას ეფუძნება.
აღსანიშნავია, რომ ამ ფუნქციას Snapchat არაკომერციულ ორგანიზაციასთან It’s On Us თანამშრომლობის ფარგლებში ამატებს. ეს უკანასკნელი სტუდენტების სექსუალური შევიწროების/ძალადობის თავიდან აცილებას ემსახურება.
კომენტარები