Mercedes-მა ელექტრო EQE-ის 677 ცხენისძალიანი AMG ვერსია დააანონსა
Mercedes-Benz თავის გეგმას პატიოსნად მიყვება. გერმანულ ავტოგიგანტს სურს, რომ მისი ავტოპარკი 2030 წლისთვის სრულად ელექტრო იყოს. დღეს მერსედესმა ამ მიზნისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა და ელექტრო E კლასის, EQE-ს AMG ვერსია დააანონსა.
EQE AMG მერსედესის რიგებში მეორე სრულად ელექტრო AMG ვერსია იქნება. პირველი სრულად ელექტრო AMG (EQS AMG ) მერსედესმა გასული წლის სექტემბერში გვიჩვენა. ორივე ავტომობილი Mercedes-ის EVA2 პლატფორმაზე აიგება. EVA2 პლატფორმა საშუალო და დიდი ზომის ავტომობილებისთვის შეიქმნა და მასზე სწორედ ელექტრო E კლასი და S კლასის მოდელები იგება. ამასთანავე, EVA2 პლატფორმაზე აიგება მერსედესის ელექტრო SUV-ებიც. 2025 წელს გერმანული გიგანტი MMA (Mercedes Modular Architecture) პლატფორმას წარადგენს, რომელიც კომპაქტური ელექტრომობილებისთვის, EQA-ისა და EQB-ისთვის იქნება განკუთვნილი.
ახალი Mercedes-AMG EQE ძალიან სწრაფი იქნება. 0-დან 100 კილომეტრამდე ასაჩქარებლად ავტომობილს სულ რაღაც 3.2 წამი დასჭირდება, მაქსიმალური სიჩქარე კი 240 კმ/სთ-ს შეადგენს. ეს ყველაფერი Dynamic Plus პაკეტის შემთხვევაში იქნება ხელმისაწვდომი. თუ თქვენ საბაზისო AMG მოდელს შეიძენთ, ის 3.4 წამში აჩქარდება და მისი მაქსიმალური სიჩქარე 220 კმ/სთ იქნება.
AMG EQE ორ ელექტრო ძრავს მიიღებს, რომლებიც Dynamic Plus პაკეტით ჯამში 677 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. საბაზისო მოდელს 617 ცხენის ძალა ექნება.
ელემენტის მოცულობა 90.6kWh-ს შეადგენს და მერსედესის თქმით, ავტომობილი ერთი დამუხტვით 444-518 კილომეტრის გავლას შეძლებს. ამერიკის სტანდარტებით დადგენილი მანძილი ცნობილი გამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე გახდება.
Mercedes აცხადებს, რომ მათ ელემენტებში კობალტის შემცველობა 10%-ით შეამცირეს. აღსანიშნია, რომ კობალტი ელექტრომობილების ელემენტებში შემავალი ერთ-ერთი ყველაზე ძვირიანი კომპონენტია. ამიტომ, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ სამომავლოდ ელემენტები კიდევ უფრო დაიხვეწება და ეს ელექტრომობილების ფასზეც დადებითად აისახება.
თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.
კომენტარები