ადამიანის გულის უჯრედებისგან რობოტი თევზი შექმნეს — რას ნიშნავს ეს
ჰარვარდისა და ემორის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა შექმნა 500 "ბიოჰიბრიდული" თევზი, რომელთა კუდის ფარფლები ადამიანის გულის უჯრედებისგან შედგება.
პროექტის მიზანი ფუტურისტული აკვარიუმის შემუშავება არ არის, ამით მეცნიერებს ადამიანის გულის უჯრედების უკეთ შესწავლა სურთ.
"თავიდან ისინი ინკუბატორში მოვათავსეთ. ორი-სამი კვირის შემდეგ გავხსენით ინკუბატორი და ისინი დაცურავდნენ", — განუცხადა CNET-ს სუნგ-ჯინ პარკმა, კვლევის თანაავტორმა.
როგორც გულის უჯრედებს სჩვევიათ, ამ უცნაური თევზების შემთხვევაშიც, ისინი "ფეთქავემ". ოღონდ ამ შემთხვევაში ეს თევზების კუდის წინ და უკან მოძრაობაში აისახა.
"ამას არ სჭირდება რაიმე გარეგანი სტიმულაცია. თევზები საკუთარ თავს ასტიმულირებენ და დამოუკიდებლად არსებობენ", — განუცხადა პარკმა CNET-ს.
პარკის თქმით, ეს იქნება უაღრესად ეფექტური გზა მიკროგრავიტაციით გამოწვეული კუნთების ატროფიის შესასწავლად. მსგავსი პრობლემების წინაშე ხშირად ასტრონავტები დგებიან, რომლებიც კოსმოსში დიდ დროს ატარებენ.
თუმცა, გუნდს ჯერ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დაბრკოლების გადალახვა მოუწევს. მათ გულის უჯრედების ცემაზე უშუალო კონტროლი არ აქვთ. მიუხედავად ამისა, მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ მსგავსი კვლევები უკეთეს კარდიოსტიმულატორებისა და ხელოვნურ გულის შემუშავებაში დაგვეხმარება.
"ჩვენი საბოლოო მიზანია შევქმნათ სრულად მოქმედი ხელოვნური გული, მაგრამ მანამდე უშუალოდ ქსოვილების დახვეწაზე ვმუშაობთ", — განუცხადა პარკმა CNET-ს.
კომენტარები