Google-ს ახალი ფუნქციით ძიების ძველი შედეგების აღდგენაა შესაძლებელი
Google-ს ახალი ფუნქცია, სახელად Journeys ამიერიდან შესაძლებლობას მოგცემთ, რომ Chrome-ში ძიების ადრინდელ შედეგებს დაუბრუნდეთ. ამისთვის საკმარისია, სპეციალურ ველში საკვანძო სიტყვა ჩაწეროთ, შემდეგ კი აღდგენას დააჭიროთ და სისტემა ავტომატურად გიჩვენებთ იმ საიტებს, რომელთაც ადრე ეწვიეთ ან გამოგრჩათ.
აღსანიშნავია, რომ სურვილის შემთხვევაში, Journeys-ის ისტორიიდან თავისუფლად წაშლით მთელ რიგ საიტებს, რომლებიც აღარ გინდათ, რომ ისევ იხილოთ. თანაც ეს ყველაფერი თქვენი პირადი ანგარიშის მონაცემებში არ შეინახება. ზემოხსენებული ფუნქცია ხელმისაწვდომია დესკტოპის ბრაუზერებში ინგლისურ, გერმანულ, ესპანურ, ფრანგულ, იტალიურ, ნიდერლანდურ, პორტუგალიურ და თურქულ ენებზე.
განახლებები შეეხო Chrome Actions-საც. ეს გახლავთ ერთგვარი ბრძანებები, რომელთაც ვებმისამართის ადგილას მიუთითებთ, ხოლო ის პირდაპირ იქ გადაგიყვანთ. მაგალითად "პარამეტრების მართვა", "ისტორიის ნახვა" და სხვა (სრული სია).
ანდროიდის მომხმარებლებისთვის უფრო მრავალფეროვანი გახდა მთავარ ეკრანზე განლაგებული ვიჯეტები. შეცვლილი ფორმატის მქონე ფანჯრებში თავმოყრილია ტექსტური, ხმოვანი, ინკოგნიტო და Google Lens ტიპის საძიებოები.
ცალკე შეგიძლიათ გაიტანოთ ყველასთვის კარგად ცნობილი დინოზავრის თამაში, რომლითაც Chrome-ში ინტერნეტის გარეშე შესვლისას გაერთობით. ამისთვის Chrome-ის ლოგოს ხანგრძლივად უნდა დააჭიროთ და "widgets" აირჩიოთ.
კომენტარები