გუგლის Pixel 6-ის "ჯადოსნური საშლელის" ფუნქცია, რომელიც სურათებიდან არასასურველი ობიექტების გაქრობის საშუალებას გვაძლევს, უკანასკნელი განახლების შემდეგ მწყობრიდან გამოვიდა. ინფორმაციას PhoneArena ავრცელებს.

Reddit-სა და Twitter-ზე უკვე არაერთი მომხმარებელი წერს, რომ ფუნქციით სარგებლობა Google Photos აპლიკაციას ჭედავს. ისინი ვერ იყენებენ "ჯადოსნურ საშლელს", რომელსაც გუგლის უახლესი ფლაგმანის რეკლამაში საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა.

მიუხედავად ამისა, ეს Pixel 6-ის პირველი შეფერხება ნამდვილად არაა. ჯერ კიდევ დეკემბერში, გუგლს განახლებების შეჩერება მოუხდა, რადგან მომხმარებლები ქსელთან დაკავშირების პრობლემებზე ჩიოდნენ. მართალია, Android 12 ბევრი მობილურისათვის აღმოჩნდა პრობლემური, თუმცა გუგლის Pixel სერია მან განსაკუთრებით დააზარალა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ წინა განახლებამ "ჯადოსნური საშლელის" ფუნქცია ტელეფონებიდან მთლიანად ამოშალა.

Android Police-ის უწყებით, პრობლემა, სავარაუდოდ, Google Photos-ის 5.76.0.425427310 ვერსიას უკავშირდება, ამის მოსაგვარებლად კი ამჟამად არანაირი გზა არ არსებობს. გუგლის ტექნიკური მხარდაჭერის ანგარიშებმა რამდენიმე საჩივარს უპასუხეს. მათ დაზარალებულებს ტექნიკურ დახმარებასთან დაკავშირება და ამ გვერდზე ინსტრუქციების მიყოლა ურჩიეს.

თუკი "ჯადოსნური საშლელის" ფუნქციის დაკარგვისა გეშინიათ, ამის პრევენციისათვის ერთი გზა მაინც არსებობს: შეგიძლიათ, Google Photos-ის აპლიკაციაზე ავტომატური განახლებები გამორთოთ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.