მფრინავმა მანქანამ ფრენისუნარიანობის სერტიფიკატი მიიღო — ეს მის მასობრივ წარმოებას უწყობს ხელს
მფრინავმა მანქანამ, რომელიც 160 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს და 2 500 მ-ზე შეუძლია აფრენა, სლოვაკეთის სატრანსპორტო ორგანოსგან ფრენისუნარიანობის სერტიფიკატი მიიღო.
ჰიბრიდი მანქანა-საჰაერო ხომალდი სახელად AirCar BMW-ის ძრავითაა აღჭურვილი და ჩვეულებრივ საწვავზე მუშაობს. მის მანქანიდან საჰაერო ხომალდად გარდაქმნას სულ 15 წამი სჭირდება. კომპანიის განცხადებით, სერტიფიკატის მიღების შემდეგ AirCar-მა 70 საათიანი სატესტო ფრენა გაიარა 200-ზე მეტი აფრენითა და დაშვებით.
"სერტიფიკატის მიღება AirCar-ის — ძალიან ეფექტიანი საფრენი მანქანის მასობრივ წარმოებას უხსნის გზას", — განაცხადა მისმა შემქმნელმა, პროფესორმა სტეფან კლაინმა. "ეს ოფიციალური და საბოლოო დადასტურებაა ჩვენი შესაძლებლობისა, სამუდამოდ შევცვალოთ საშუალო მანძილებზე გადაადგილების პრაქტიკა".
ივნისში მფრინავმა მანქანამ სლოვაკეთის ქალაქ ნიტრაში მდებარე საერთაშორისო აეროპორტიდან ბრატისლავამდე 35 წუთი იფრინა. კომპანიამ BBC News-ს განუცხადა, რომ ისინი "ახლო მომავალში ლონდონიდან პარიზში გადაფრენასაც" გეგმავენ.
უესტის უნივერსიტეტის საავიაციო ელექტრონიკისა და საფრენი აპარატების სისტემების მთავარმა მკვლევარმა, დოქტორმა სტივ რაიტმა სიახლე მოიწონა და თქვე: "ამ ამბის მიმართ ფრთხილი ოპტიმიზმით ვარ განწყობილი და იმედი მაქვს, ერთ დღეს რამდენიმე Aircar-ს ვიხილავ".
სხვა კომპანიები ასევე მუშაობენ ავტომობილებზე, რომლებსაც ფრენაც შეუძლიათ და გზაზე სიარულიც. გზაზე სიარული სამ ბორბლიანი PAL-V Liberty-ით, რომელიც ერთადგილიანი ვერტმფრენივით დაფრინავს, ევროპაში უკვე ლეგალურია და ამჟამად ევროკავშირის ავიაუსაფრთხოების სააგენტოს სერტიფიკატის მიღებას ცდილობს.
საჰაერო ტაქსის მომსახურება
AirCar-ის სამართავად პილოტის ლიცენზიაა საჭირო, თუმცა არაერთი კომპანია მუშაობს უპილოტო საჰაერო ტაქსის სერვისებზე ვერტიკალური აფრენითა და დაშვებით. დამფუძნებლები იმედოვნებენ, რომ ეს გადაადგილების მოსახერხებელი გზა იქნება, მათი ნაწილი კი მნიშვნელოვან ინვესტიციებსაც იზიდავს.
ასევე, ამ კვირის ორშაბათს Boeing-მა განაცხადა, რომ იგი დამატებით $450 მილიონს დებს Wisk-ში, კალიფორნიაში დაფუძნებულ უპილოტო საჰაერო ტაქსის კომპანიაში, რომელსაც Google-ის თანადამფუძნებლის — ლარი პეიჯის მიერ დაარსებულ კომპანია Kitty Hawk-თან ერთად ფლობს.
კომენტარები