ილონ მასკი: მალე მარსზე დასასახლებლად საკმარისი ხალხი არ გვეყოლება
კომპანიების SpaceX და Tesla აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკი დიდი ხანია, ადამიანთა პოპულაციის საგანგაშო შემცირებაზე საუბრობს, რის მიზეზადაც შობადობის დაბალ მაჩვენებელს ასახელებს.
ცოტა ხნის წინ მან საზოგადოებას ეს პრობლემა კიდევ ერთხელ შეახსენა:
"პოპულაციის კოლაფსის უფრო მეტად უნდა გვეშინოდეს", — წერს მასკი საკუთარ ტვიტერზე ახლახან გამოქვეყნებულ პოსტში.
აღსანიშნავია, რომ სამხრეთაფრიკული წარმოშობის მილიარდერს, რომელსაც მარსზე ქალაქის დაარსება და იქ ეკიპაჟიანი მისიების განხორციელება სურს, მიაჩნია, რომ მსგავსი კრიზისი მისი გეგმების შესრულებასაც შეუშლის ხელს.
"თუ დედამიწაზე ცოტანი დავრჩებით, მაშინ საკმარისი ხალხი მარსზე დასასახლებლადაც არ გვეყოლება", — აცხადებს ბიზნესმენი.
უნდა ითქვას, რომ ილონ მასკის მოსაზრება რეალობისგან შორს ნამდვილად არაა. ამაზე მეცნიერები უკვე საუბრობენ. BBC-ის ცნობით, მსოფლიოს მასშტაბით დაბადებული ბავშვების რიცხვი ცალსახად იკლებს, რის გამოც 2100 წლისთვის თითქმის ყველა ქვეყანაში მოსახლეობის რაოდენობა საგრძნობლად შემცირდება ან განახევრდება.
ასევე, იხილეთ: ბრიტანელი პალეონტოლოგის აზრით, ადამიანთა მოდგმა მალე გადაშენდება
ეს მასკის მიზნებში არ ჯდება, რადგან მას უნდა, კაცობრიობა მულტიპლანეტურ ცივილიზაციად იქცეს. პირველი გაჩერება კი სწორედ მარსი იქნება, სადაც ადამიანები კოსმოსური ხომალდით Starship გაემგზავრებიან.
კომენტარები