ვებმა თავის ორბიტას მიაღწია — რატომ გაგზავნეს ის L2 წერტილში და როგორ იმოძრავებს
2021 წლის 25 დეკემბერს, ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ NASA-მ კოსმოსში ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი გაუშვა, რომელზეც ასტრონომები და ასტრონომიით დაინტერესებულები დიდ იმედებს ვამყარებთ.
დღეს, გაშვებიდან თითქმის 1 თვის შემდეგ ტელესკოპმა თავის ორბიტას მიაღწია, რომელიც დედამიწიდან 1.5 მილიონი კილომეტრითაა დაშორებული. ტელესკოპი ლაგრანჟის მე-2 წერტილის გარშემო იმოძრავებს.
ლაგრანჟის წერტილები კოსმოსის იმ არეებს ეწოდება, სადაც ორი მასიური სხეულის (მაგალითად, დედამიწისა და მზის) გრავიტაციული ძალები ერთმანეთთან წონასწორობაში არიან. ვების ტელესკოპი მზისა და დედამიწის ლაგრანჟის მე-2 წერტილში ან მოკლედ, L2-ში განთავსდება.
რატომ გაგზავნეს ვები L2-ში?
ჩრდილი: L2-ზე ვების მზის ფარი ყოველთვის მზის მხარესაა მიმართული, შესაბამისად, იგი ვარსკვლავის სითბოსგან იცავს ტელესკოპის ოპტიკურ სისტემასა და ინსტრუმენტებს, რომლებსაც სამყაროში სუსტი სითბური სიგნალების დასაფიქსირებლად ძალიან დაბალი ტეპერატურის შენარჩუნება სჭირდებათ.
ხედვა: ვების ტელესკოპს დროის ნებისმიერ მომენტში ცის ნახევარს აკვირდება, 6 თვის მანძილზე კი მას მთელი ცის დაკვირვება შეუძლია.
ეფექტიანობა: შეიძლება იკითხოთ, ვები პირდაპირ L2-ში რატომ არაა მოთავსებული? სინამდვილეში, L2-ის გარშემო მოძრაობა უფრო მარტივია და ტელესკოპს საწვავის ეფექტიანად გამოყენებაში ეხმარება.
ენერგია: ეს ორბიტა გარანტიას იძლევა, რომ ვებისთვის დედამიწა მზეს არასდროს დაჩრდილავს — ეს ტელესკოპის თერმული სტაბილურობისა და ენერგიის გამომუშავებისთვისაა საჭირო.
კომუნიკაცია: შორეულ კოსმოსთან დამაკავშირებელი ქსელის მეშვეობით მისიის ოპერაციულ ცენტრთან კონტაქტის შესანარჩუნებლად L2 საკმაოდ მოსახერხებელი წერტილია.
რატომ იკლებს ტელესკოპის სიჩქარე L2-თან მიახლოებისას?
წარმოიდგინეთ, რომ ბურთს მაღლა, ჰაერში ისვრით. თავიდან მას შედარებით დიდი სიჩქარე აქვს, თუმცა სიმაღლის მატებასთან ერთად, გრავიტაციის გამო, ბურთის სიჩქარე თანდათან იკლებს. ამის მსგავსად, ტელესკოპის Ariane 5 რაკეტამ მას საკმარისი სიჩქარე მიანიჭა, რომელიც შორეული მანძილების მისაღწევად საკმარისია, დედამიწის გრავიტაციული ველისთვის თავის დასაღწევად კი — არა. ბურთის მსგავსად, დედამიწამდე მანძილის ზრდასთან ერთად, ვების სიჩქარეც იკლებს და, საბოლოოდ, თუ ამის ნებას მივცემთ, დედამიწაზეც ჩამოვარდება.
რაკეტას რომ ტელესკოპისთვის მეტი სიჩქარე მიენიჭებინა, ვები სასურველ ორბიტას საერთოდ გასცდებოდა. ტელესკოპს დამუხუჭება ან უკან დახევა არ შეუძლია, რადგან ამას დიდი რაოდენობით საწვავი დასჭირდება და ამ შემთხვევაში მისი ოპტიკური სისტემა მზის მხარეს აღმოჩნდება. ამიტომ, ნაცვლად ამისა, რამდენიმე შესწორებას თუ არ ჩავთვლით, რაკეტამ ტელესკოპს საკმარისი ენერგია მიანიჭა იმისთვის, რომ ზუსტად L2-ის ორბიტაზე მოთავსებულიყო.
ტელესკოპის ბორტზე განთავსებული რაკეტის ძრავები ვებს დაახლოებით 3 კვირაში ერთხელ მისცემენ ბიძგს, რაც ამ უკანასკნელს L2-ის გარშემო თავისი 6 თვიანი ორბიტის შენარჩუნებაში დაეხმარება.
მეტის გასაგებად შეგიძლიათ ჩვენი ვიდეო იხილოთ, სადაც ჩვენი რედაქტორი დათო სამნიაშვილი და ჟურნალისტი — ნინო გიორგობიანი, ევროპის კოსმოსური სააგენტოს მეცნიერთან, სოფიო პატარაიასთან ერთად განიხილავენ ტელესკოპის გაშვების მნიშვნელობას.
კომენტარები