იდუმალი ნაკვალევი, რომელიც დათვის ეგონათ, ადამიანის უცნობი წინაპრის აღმოჩნდა — კვლევა
პირველად 1978 წელს ტანზანიაში ადამიანის უძველესი წინაპრის ნაკვალევი აღმოაჩინეს, რომელიც 3,66 მილიონი წლითაა დათარიღებული. ნაკვალევი იპოვნეს ადგილზე, რომელიც ცნობილია როგორც ლაეტოლის უბანი G. ეს ლოკაცია ზოგადად მიჩნეულია, როგორც "ავსტრალოპითეკების ტერიტორიად". აქვე აღმოაჩინეს ცნობილი "ლუსის" ნაშთები — მას ზოგჯერ მსოფლიოში ყველაზე ცნობილ ნამარხადაც მოიხსენიებენ ხოლმე.
თუმცა, ამ ადგილის ახლოს, არქეოლოგები სხვა არსების ნაკვალვესაც წააწყდნენ. ის დაახლოებით 2 კილომეტრის მოშორებით იყო და როგორც მაშინ ჩაითვალა მიეკუთვნებოდა დათვს, რომელმაც უკანა ფეხებზე დაყრდნობით გაიარა. ამ ნაკვალევის ავსტრალოპითეკებთან არ დაკავშირების მიზეზი მარტივი იყო — ის ძალიან განსხვავდებოდა სხვა ავსტრალოპითეკის დატოვებული კვალისგან.
ახლა მკვლევრები თვლიან, რომ ეს კვალი ეკუთვნის ადრეული ადამიანის სხვა წინაპარს, რომელიც ასევე დადიოდა ორ ფეხზე. ამ ყველაფერს ადამიანის ისტორიის გადაწერაც კი შეუძლია.
"ეს ნაკვალევი ცხადყოფს, რომ ორ ფეხზე სიარულის ევოლუცია უფრო რთული და საინტერესო იყო, ვიდრე ადრე გვეგონა. სულ მცირე ორი ჰომინინი იყო, რომლიც დადიოდა სხვადასხვა გზით, განსხვავებული ფორმის ფეხებზე", — თქვა ჯერემი დესილვამ, დარტმუთის კოლეჯის ანთროპოლოგიის განყოფილების ასოცირებულმა პროფესორმა და კვლევის თანაავტორმა, რომელიც ოთხშაბათს გამოქვეყნდა ჟურნალ Nature-ში.
აღსანიშნავია, რომ ორ ფეხზე სიარულის "ადამიანური ვერსია", რომელიც ცნობილია როგორც საფეხმავლო ბიპედალიზმი, უნიკალურია ძუძუმწოვრებში.
უძველესი ნალექები
ლაეტოლი არის ლამაზი ბალახოვანი გარემო, ნგორონგოროს კრატერის ჩრდილო-დასავლეთით, ჩრდილოეთ ტანზანიაში, აკაციის ხეებით სავსე ლანდშაფტით, რომელიც დასახლებულია ჟირაფებითა და ზებრებით. სეზონურმა წვიმებმა ამ ტერიტორიაზე უძველესი ნალექები გააჩინა და გამოააშკარავა 3,66 მილიონი წლის წინანდელი ვულკანური ფერფლის ფენა, რომელიც დესილვას თქმით, ინახავს ათასობით ნაკვალევს. ესენია უძველესი ანტილოპების, სპილოების, დიდი კატების, ფრინველების, მწერებისა და ჩვენი უძველესი ჰომინიდი წინაპრების ნაკვალევები.
ლოკაცია A არასოდეს ყოფილა გათხრილი სრულად და დაიფარა მას შემდეგ, რაც კვალი აღმოჩინა პიონერმა პალეონტოლოგმა მერი ლიკიმ, 1977-1978 წლებში. გაურკვეველია, დაფარვა განზრახ გაკეთდა ბილიკების დასაცავად, თუ წვიმამ მოაშორა ნალექი მიმდებარე ბორცვიდან.
აქ აღმოჩენილი იდუმალი ნაკვალევის ერთ-ერთი ახსნა იყო ის, რომ ისინი დათვმა დატოვა, რომელიც კონკრეტულ მომენტში ორ ფეხზე იდგა. თუმცა, ლიკის ეჭვი ჰქონდა, რომ ის შეიძლება ორ ფეხზე არარეგულარულად მოსიარულე ჰომინინსაც დაეტოვებინა.
"აქამდე მეცნიერები სხვდასხვა დაშვებას აკეთებდნენ. საბოლოო ჯამში, A ლოკაციის ანაბეჭდები უფრო ადვილად დაივიწყეს, ვიდრე ახსნეს“, — ამბობს მელილო, Nature-ში გამოქვეყნებული კვლევის კომენტარში.
დესილვას თქმით, მათ გადაწყვიტეს ადგილის ხელახალი გათხრები წამოეწყოთ, ეს მას შემდეგ, რაც მან და მისმა კოლეგებმა შეაგროვეს მონაცემები ადამიანების, შიმპანზეებისა და დათვების, რამაც საბოლოოდ ეჭვქვეშ დააყენა დათვის ჰიპოთეზა.
"მერი ლიკიმ შეადგინა ნაკვალევის დახვეწილი დეტალური რუქები. მისი რუქიდან ჩვენ შევძელით იმის დადგენა, თუ სად უნდა ყოფილიყო ნაკვალევები. ჩვენ დავიწყეთ გათხრები, საუკეთესოს იმედით, მაგრამ იმის შიშით, რომ ორმოცწლიანმა სეზონურმა წვიმამ ისინი გაწმინდა. ნიადაგი ცემენტივით ხისტი იყო და კვალის ფენამდე მისასვლელად დიდი მუშაობა დაგვჭირდა. საბედნიეროდ, ნაკვალევი კარგად იყო შემონახული", — ამბობს დესილვა.
მას შემდეგ, რაც მათ არქეოლოგებმა ანაბეჭდების დახარისხება მოახდინეს, ისინი შავი დათვების, შიმპანზეებისა და თანამედროვე ადამიანების ანაბეჭდებს შეადარეს. მათ ასევე შეისწავლეს ველური შავი დათვების სიარულის 50 საათიანი ვიდეო. დათვები ორ ფეხზე დადიოდნენ 1%-ზე ნაკლებ დროში. საბოლოოდ, შედეგებმა აჩვენა, რომ ნაკლებად სავარაუდო იყო მსგავსი ნაკვალევი დათვს დაეტოვებინა.
ბალანსი
დესილვას თქმით, როდესაც ცხოველები დადიან ორ ფეხზე, მათ ბალანსი მნიშვნელოვნად უჭირთ, განსაკუთრებით ცალ ფეხზე. ეს ნიშნავს, როდესაც წინ მიიწევენ, ისინი მოძრაობენ წინ და უკან, რაც ფართოდ დაშორებულ კვალს წარმოქმნის.
თუმცა, ადამიანის ევოლუციის დასაწყისში, ჩვენს წინაპრებს საშუალება მიეცათ წონასწორობა ერთ ფეხზე შეენარჩუნებინათ. სწორედ ამ მონაცემებზე დაყრდნობით, მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ ის რაც ოდესღაც დათვის ნაკვალევი ეგონათ, რეალურად ჰომინიდებისას მიეკუთვნება.
"მიუხედავად ამისა, A ლოკაციის ნაკვალევი არ ჰგავს სხვა ჰომინიდების ანაბეჭდებს. ნაკვალევი უცნაურად ფართო და მოკლეა. მას ვინც ეს ნაკვალევი დატოვა, შესაძლოა, ჰქონოდა დიდი თითი, რომელიც ცერა თითის მსგავსი იყო", — ამბობენ მკვლევრები.
დესილვას თქმით, ჰომინიდის გარეგნობის შესახებ მეტის გასაგებად ნამარხების პოვნა დაგვჭირდება. თუმცა, მან ისიც აღნიშნა, რომ ფეხის ზომიდან გამომდინარე, ინდივიდი სიმაღლეში 1 მეტრამდე იქნებოდა.
ასევე: შემდეგი პოდკასტი: ადამიანის ევოლუცია — ქართველი არქეოლოგები უძველესი ადამიანის კვალზე
თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.
კომენტარები