ჰაკერებმა FBI-ის იმეილ სისტემა გატეხეს და ცრუ გაფრთხილებები დაგზავნეს
Bleeping Computer-ის ინფორმაციით, ჰაკერებმა FBI-ს, ანუ ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს იმეილ სერვერები გატეხეს და ადამიანებს ცრუ კიბერუსაფრთხოების გაფრთხილებები დაუგზავნეს. იმეილების შესახებ ინფორმაცია The Spamhaus Project-მა მოიპოვა, ეს არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც იმეილ სპამერებს იძიებს.
თუ უსაფრთხოების ექსპერტებს ვენდობით, ამ ცრუ შეტევის უკან Vinny Troia უნდა იდგეს, რომელიც საკმაოდ ბუნდოვან ჰაკერულ დაჯგუფებასთან, The Dark Overlord-თან არის დაკავშირებული. სწორედ The Dark Overlord-მა განათავსა Orange Is the New Black-ის მეხუთე სეზონი არალეგალურად ინტერნეტში. რეალურად, ვინი ტროია ცნობილი კიბერუსაფრთხოების ექსპერტია, რომელსაც დარქ ვებში ორი უსაფრთხოების კომპანია აქვს, NightLion და Shadowbyte.
როგორც Bleeping Computer აღნიშნავს, ჰაკერებმა მეილები 100 000-ზე მეტ ადამიანს გაუგზავნეს. მათი საკონტაქტოები ჰაკერებმა American Registry for Internet Numbers-ის საინფორმაციო ბაზიდან აიღეს. ბლუმბერგის თქმით, ჰაკერებმა FBI-ს ლეგიტიმური მეილი გამოიყენეს, რათა დაგზავნილი ტექსტები უფრო დამაჯარებელი ყოფილიყო. კიბერუსაფრთხოების ექსპერტის, კევინ ბეიმაუნტის თქმით, იმეილები გამოუცდელი თვალისთვის საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა, რადგან ისე ჩანდა, თითქოს ისინი FBI-ს სერვერიდან მოდიოდა. ამისთვის ჰაკერებმა Domain Keys Identified Mail (DKIM) გამოიყენეს, ეს უკანასკნელი Gmail-ის სისტემის ნაწილია და კორპორაციულ მეილებზე კომპანიის თუ დაწესებულების ბრენდირებულ ლოგოებს ათავსებს.
FBI მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ჰაკის პროცესი ახლაც მიმდინარეობს და "ის აპარატურა, რომლებსაც ჰაკერები უკვე მიწვდნენ, ქსელიდან გათიშულია". FBI ამ ფაქტთან დაკავშირებით მეტ კომენტარს არ აკეთებს, რადგან გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
კომენტარები