რომელი საათია დაძინებისთვის იდეალური? — მასშტაბურ კვლევას ამაზე პასუხი აქვს
თუ გსურთ იყოთ ჯანმრთელი და გქონდეთ ჯანსაღი გული, ამისთვის დროული ძილია საჭირო, მაგრამ არც ისე ადრე.
როგორც ახალი და მასშტაბური კვლევა გვეუბნება, დაძინებისთვის იდეალური პერიოდი საღამოს 10-დან 11 საათამდეა. კვლევამ აჩვენა, რომ ასეთ დროს გულის დაავადებების გაჩენის რისკი კლებულობს.
კვლევის შედეგები გვეუბნება, რომ დაძინების კონკრეტულ პერიოდთან შედარებით, ისინი ვინც ბევრად უფრო გვიან იძინებენ, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკი 25 პროცენტით მეტი აქვთ. აღსანიშნავია, რომ დაავადებების განვითარების რისკი მათშიც მაღალია, ვინც საღამოს ათ საათამდე იძინებს.
"ჩვენმა კვლევამ აჩვენებს, რომ ძილისთვის ოპტიმალური დრო სხეულის 24-საათიანი ციკლის კონკრეტულ მომენტშია და მისი დარღვევა შესაძლოა ჯანმრთელობისთვის საზიანო იყოს. ყველაზე სარისკო დრო იყო შუაღამის შემდეგ, ეს იმიტომ, რომ ამან შეიძლება შეამციროს დილის შუქის ნახვის ალბათობა, რაც ორგანიზმისთვის ნამდვილად ცუდია. თუ ჩვენი დასკვნები დადასტურდა სხვა კვლევებში, ძილის დრო და მისი ზუსტად დარეგულირება შეიძლება იყოს გულის დაავადების რისკის შემცირების ყველასთვის ხელმისაწვდომი საშუალება", — თქვა კვლევის ავტორმა, დოქტორმა დევიდ ფლენსმა, ექსეტერის უნივერსიტეტიდან.
ახალმა კვლევამ შეისწავლა 88 000-ზე მეტი ადამიანის მონაცემები, რომლებიც მონაწილეობდნენ დიდი ბრიტანეთის ბიობანკის პროექტში. ძილის პროცესზე დაკვირვება სპეციალური ხელსაწყოთი ხდებოდა, რომელიც ადამიანებს მაჯაზე ეკეთათ. მონაწილეებმა ასევე შეავსეს კითხვარი მათი დემოგრაფიის, ცხოვრების სტილის, ჯანმრთელობისა და ფიზიკური მონაცემების შესახებ. ამას საბოლოოდ მოჰყვა გულ-სისხლძარღვთა დაავადების დიაგნოზი, მათ შორის გულის შეტევა, გულის უკმარისობა, გულის ქრონიკული იშემიური დაავადება და ინსულტი. სხვა ფაქტორების აღრიცხვის შემდეგ, როგორიცაა მწეველის სტატუსი, სხეულის მასის ინდექსი და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ჯგუფმა გააანალიზა, თუ როგორ უკავშირდება ძილის კონკრეტული პერიოდი გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკს.
მეცნიერებს ბოლომდე არ ესმით კონკრეტული კავშირი, მაგრამ ეს სავარაუდოდ უკავშირდება ძილის გავლენას ბიოლოგიურ პროცესებზე, როგორიცაა გლუკოზის მეტაბოლიზმი, არტერიული წნევა და ანთებები.
კვლევა ჟურნალ Digital Health-ში გამოქვეყნდა.
თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.
კომენტარები