მას შემდეგ, რაც მასკმა Tesla-ს აქციების 10%-ის გაყიდვაზე საუბარი წამოიწყო, მათი ფასი შემცირდა
ამ კვირის დასაწყისი ელექტრომობილების უმსხვილესი მწარმოებლისთვის Tesla წამგებიანი აღმოჩნდა, რადგან 8 ნოემბერს მისი აქციების ფასი 5.2 პროცენტით შემცირდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც 2 დღით ადრე კომპანიის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა ტვიტერზე 24-საათიანი გამოკითხვა წამოიწყო. მის გამომწერებს თავიანთი აზრი უნდა დაეფიქსირებინათ ბიზნესმენის მიერ შეთავაზებულ წინადადებაზე, რომელიც საკუთარი წილის 10 პროცენტის გაყიდვას გულისხმობს.
სამხრეთაფრიკული წარმოშობის მილიარდერის 60 მილიონზე მეტი გამომწერიდან უმეტესობამ მხარი სწორედ Tesla-ს აქციების გაყიდვას დაუჭირა. კერძოდ, იმ 3 519 252 ადამიანიდან, რომელმაც ხმა მისცა, დადებითი პასუხი 57.9 პროცენტმა მონიშნა. მასკმა განაცხადა, რომ ნებისმიერი შედეგისთვის მზად იყო.
მილიარდერის ამგვარი ნაბიჯი მის მიმართ ბოლო დროს გაჟღერებულ ბრალდებას უკავშირდება, რომელიც არარეალიზებული შემოსავლის გაზრდის მიუხედავად, გადასახადების გადახდისგან თავის არიდებას გულისხმობს. პანდემიის დროს მისი კაპიტალი საგრძნობლად გაიზარდა. განსაკუთრებულად იმის ფონზე, რომ დანარჩენი მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს უჩივის.
თუმცა, ეს მოგება ბიზნესმენის პირად ანგარიშზე არაა ხელმისაწვდომი, არამედ აქციების სახითაა წარმოდგენილი. მასკს ამჟამად Tesla-ს 22.4 პროცენტი ეკუთვნის, რის შედეგადაც მისი კაპიტალი 323 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ეს მას მსოფლიოში უმდიდრეს ადამიანად აქცევს, რომლის შემდეგაც მეორე ადგილს ჯეფ ბეზოსი იკავებს.
პარასკევს დაფიქსირებული მონაცემებით,Tesla-ს აქციების 10 პროცენტის ფასი 21 მილიარდი აშშ დოლარი იყო, მაგრამ ეს მაჩვენებელი ორშაბათს შეიცვალა და ახლაც კლების ტენდენციას ინარჩუნებს.
კომენტარები