ტვიტერის მომხმარებლები თანხმდებიან, რომ ილონ მასკმა Tesla-ს აქციების 10% უნდა გაყიდოს
მიმდინარე წლის 6 ნოემბერს ელექტრომობილების უმსხვილესი მწარმოებლის Tesla თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა ტვიტერზე 24-საათიანი გამოკითხვა წამოიწყო. მის გამომწერებს თავიანთი აზრი უნდა დაეფიქსირებინათ ბიზნესმენის მიერ შეთავაზებულ წინადადებაზე, რომელიც კომპანიის აქციების 10 პროცენტის გაყიდვას გულისხმობს.
გამოკითხვა დასრულდა და აღმოჩნდა, რომ სამხრეთაფრიკული წარმოშობის მილიარდერის 60 მილიონზე მეტი გამომწერიდან უმეტესობამ მხარი Tesla-ს წილის გაყიდვას დაუჭირა. კერძოდ, იმ 3 519 252 ადამიანიდან, რომელმაც ხმა მისცა, დადებითი პასუხი 57.9 პროცენტმა მონიშნა.
"ბოლო დროს ბევრი ითქვა არარეალიზებულ შემოსავალზე გადასახადების გადახდისგან თავის არიდების ჭრილში, ამიტომ Tesla-ს აქციების 10 პროცენტის გაყიდვას გთავაზობთ. ამ გამოკითხვის შედეგის მიხედვით ვიმოქმედებ, როგორიც არ უნდა იყოს ის. გაითვალისწინეთ, რომ ფულად ანაზღაურებას ან ბონუსს არავისგან ვიღებ. მე მხოლოდ ეს წილები გამაჩნია. შესაბამისად, პირადად ჩემთვის გადასახადების გადახდის ერთადერთი გზა სწორედ მათი გაყიდვაა", — დაწერა მან 6 ნოემბერს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.
მასკი, სხვა მილიარდერებთან ერთად, კრიტიკის ერთ-ერთი მთავარი ობიექტი მას შემდეგ გახდა, რაც პანდემიის დროს მისი შემოსავალი საგრძნობლად გაიზარდა. განსაკუთრებულად იმის ფონზე, რომ დანარჩენი მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს უჩივის. მას გადასახადების გადახდისგან თავის არიდებას აბრალებენ. თუმცა, ეს მოგება ბიზნესმენის პირად ანგარიშზე არაა ხელმისაწვდომი, არამედ აქციების სახითაა წარმოდგენილი. მასკს ამჟამად Tesla-ს 22.4 პროცენტი ეკუთვნის, რის შედეგადაც მისი კაპიტალი 338 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ეს მას მსოფლიოში უმდიდრეს ადამიანად აქცევს, რომლის შემდეგაც მეორე ადგილს ჯეფ ბეზოსი იკავებს.
ამერკულ გამოცემა Bloomberg-ში აცხადებენ, რომ ამჟამინდელი ღირებულებით, Tesla-ს აქციების 10 პროცენტის ფასი 21 მილიარდი აშშ დოლარია. სავარაუდოდ, მასკი მას უახლოეს მომავალში გაყიდის, რადგან, როგორც ტვიტერზე წერს, გამოკითხვის ნებისმიერი შედეგისთვის მზად იყო.
კომენტარები