მეცნიერები დააკვირდნენ ვარსკვლავს, რომელიც ძალიან სწრაფად "ქრება" და "ინთება" — კვლევა
დიდ ბრიტანეთში მდებარე დარემის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერები გამოცემაში Nature Astronomy გამოქვეყნებულ ნაშრომში თეთრი ჯუჯის ტიპის ვარსკვლავის შესახებ იტყობინებიან, რომელიც უპრეცედენტო სისწრაფით "ქრება" და ინთება". ამ ფენომენს ისინი NASA-ს კუთვნილი კოსმოსური ტელესკოპის TESS მეშვეობით დააკვირდნენ, რომლის დანიშნულებაც ეგზოპლანეტების ძიებაა.
ვარსკვლავები თეთრ ჯუჯებად მაშინ გარდაიქმნებიან, როცა წყალბადის მარაგი ეწურებათ. ისინი დაახლოებით დედამიწის ზომისანი არიან, თუმცა ჩვენი მზის მსგავსი მასა აქვთ. სპეციალისტებმა სწორედ ასეთი ობიექტი შეისწავლეს, რომელიც კომპანიონი მნათობის შემადგენელ მატერიას შთანთქავს.
მათ შენიშნეს, რომ ის სიკაშკაშეს ყოველ 30 წუთში კარგავს, შემდეგ კი საწყის მდგომარეობას უბრუნდება. ეს ასტრონომებისთვის მოულოდნელი იყო, რადგან, როგორც წესი, თეთრ ჯუჯებს ამისთვის რამდენიმე დღე ან თვე სჭირდებათ. მისგან მომავალი სინათლე იმ აირისა და მტვრის რაოდენობაზეა დამოკიდებული, რომელსაც ის იერთებს, შესაბამისად, აღმოჩნდა, რომ ამ პროცესს რაღაც უშლის ხელს.
მეცნიერთა მიერ დაფიქსირებული ვარსკვლავი ბინარულ სისტემაში TW Pictoris ერთიანდება, რომელიც დედამიწისგან დაახლოებით 1 400 სინათლის წლითაა დაშორებული. ის მისი მეზობელი, შედარებით მცირე ზომის მქონე ობიექტისგან წყალბადსა და ჰელიუმს იღებს, რა დროსაც სიკაშკაშე ემატება.
ნაშრომის ავტორთა განცხადებით, მნათობის პერიოდული "ციმციმი" მისი ზედაპირის მაგნიტური ველის სწრაფი ბრუნვითაა განპირობებული, რაც ცენტრიდანული ბარიერის მიერ მატერიის თეთრი ჯუჯისკენ გადინებას აფერხებს. ამას მაგნიტური შეკავება ეწოდება.
მკვლევრები იმედოვნებენ, რომ უკანასკნელი მიგნება შესაძლებლობას მოგვცემს, ეს ფენომენი ნეიტრონული ვარსკვლავების გარშემო მიმდინარე იმავე პროცესს შევადაროთ და ამ საკითხის შესახებ მეტი შევიტყოთ.
კომენტარები