ის, თუ როდის ჩაერევიან დიდი სახელმწიფოები კრიპტოვალუტების სამყაროში უბრალოდ დროის საიკითხია. უკანასკნელი სიახლეები გვაჩვენებს, რომ ამერიკა კრიპტოსამყაროში გასარკვევად ემზადება. ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში კრიპტოსამყაროს შესასწავლად კადრები გამოყო.

ანონიმური წყაროს თქმით, რომელიც Bloomberg-ს ესაუბრა, ბაიდენის ადმინისტრაცია ეძებს ფედერალურ სააგენტოებს, რომლებიც კრიპტოებს შეისწავლიან და რეკომენდაციებს გასცემენ. ანონიმური წყაროს თქმით, პრეზიდენტმა ამ მიმართულებისათვის უკვე მმართველი პირიც დანიშნა, თუმცა ამის შესახებ მეტი ინფორმაცია არ გვაქვს.

აღნიშნულ ამბავთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არც თეთრ სახლში ისურვეს.

მიუხედავად იმისა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია კრიპტოვალუტების თემით ხმამაღლა აქამდე არ დაინტერესებულა, არსებობს გარკვეული სიგნალები, რომლებიც მიგვანიშნებს, რომ ამერიკის ამჟამინდელი მთავრობა კრიპტოსამყაროს სკეპტიკურად და მეტიც, ცოტათი მტრულადაც უყურებს.

მაგალითად, ფინანსთა მინისტრმა ჟანეტ იელენმა რამდენიმე ხნის წინ აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით გარკვეულ ზომებს უნდა მიმართონ, რადგან ამ გზებით ხდება ფულის გათეთრება და ხორციელდება არალეგალური ტრანზაქციები. მან ასევე თქვა, რომ კრიპტოვალუტები შესაძლოა გამოყენებულ იქნას ტერორისტთა მხარდასაჭერად.

"კრიპტოვალუტები განსაკუთრებულ ყურადღებას იწვევენ. მე ვფიქრობ, რომ მათი უმეტესობა, ტრანზაქციების მხრივ მაინც, უკანონო გზავნილებისთვის გამოიყენება, სწორედ ამიტომ მათი კონტროლი სწორად მიმაჩნია, რათა თავიდან ავიცილოთ ფული გათეთრების ფაქტები", — ამბობს ჟანეტ იელენი.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე