როგორ მუშაობს თბილისში "ჭკვიანი მაღაზია" მოლარეების გარეშე — ვიდეო
თბილისში პირველი "ჭკვიანი მაღაზია", სადაც რიგი და მოლარე არასდროს დაგხვდებათ, 2021 წლის სექტემბერში გაიხსნა. ვაჭრობის ახლებური გამოცდილების მიღება აქ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია და როგორც ჩანს, ამ შანსს ბევრი იყენებს.
"შესყიდვის ახალი გამოცდილება მომხმარებლისთვის საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა და მომხმარებელთა რაოდენობაც მაღალია. აქ ყიდვის პროცესი ძალიან ჰგავს სტანდარტულ მაღაზიით სარგებლობის პროცესს, ამიტომ მომხმარებელი მალევე დადებითად განეწყო და მალევე ადაპტირდა ტექნოლოგიასთან", — გვიყვებიან NOKA-ში.
NOKA-ში შესვლიდან გასვლამდე, ამ ტექნოლოგიური მაღაზიის გამოყენების ეტაპები შემდეგნაირია:
- მომხმარებელი იღებს კალათას;
- თითს ადებს სენსორს და ბარიერის გავლით შედის მაღაზიის სივრცეში;
- მომხმარებელი კარადებიდან იღებს პროდუქციას;
- დასრულებისას კი გასასვლელში თითს ადებს სენსორს და ავტომატურად დაანგარიშებულ თანხას იხდის ტერმინალზე ბარათით ან მობილურით.
ის თუ როგორ იყენებენ ამ მომენტისთვის მაღაზიას მომხმარებლები, ქვემოთ მოცემული ვიდეოდანაც შეგიძლიათ გაიგოთ:
აღსანიშნავია, რომ ტექნოლოგია, რომელიც მაღაზიის ავტონომიურ მუშაობას უზრუნველყოფს, ქართული პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია FINA-ს მიერაა შექმნილი. 2021 წლის იანვრიდან მაღაზია ექსპერიმენტულ რეჟიმში მუშაობდა თანამშრომლებისთვის, მიმდინარეობდა სისტემაზე დაკვირვება. როგორც ჩანს, ასე FINA-ს გუნდმა მოახერხა სისტემის მდგრადობისა და მოქნილობის უზრუნველყოფა. ხოლო სექტემბერში, როცა სისტემა უკვე სრულად მზად იყო მომხმარებელთა ნაკადის მისაღებად, გაიხსნა რეალური მაღაზია სხვადასხვა ტიპის პროდუქციით.
"ამ ეტაპზე NOKA-ს მაღაზიაში წარმოდგენილია სხვადასხვა ასორტიმენტის პროდუქცია, როგორიცაა რძის ნაწარმი, ტკბილეული, სნექები, ბურღულეული, სასმელი და სხვა საოჯახო პროდუქტები. ასორტიმენტის გაზრდა ეტაპობრივად იგეგმება", — ამბობს დავით თოფჩიშვილი, FINA-ს დამფუძნებელი.
NOKA უკვე ერთი თვეა ფუნქციონირებს და FINA-ში უკვე პროგნოზირებენ, რომ ეს ტექნოლოგია ქართველ მომხმარებელში საკმაოდ პოპულარული გახდება. შეგახსენებთ, რომ მაღაზია არ იყენებს კამერებს, ხელოვნურ ინტელექტსა თუ ამოცნობის რთულ ალგორითმებს. აქ არ ხდება მომხმარებლის ბიომეტრიული ან სხვა სახის მონაცემის დამუშავება და შენახვა, რის გამოც, როგორც კომპანიაში ამბობენ, სისტემა არ საჭიროებს მძლავრ სერვერებს, ხოლო მისი დანერგვა სავაჭრო ობიექტებზე არ მოითხოვს განსაკუთრებით დიდ ფინანსურ ინვესტიციას.
"ვფიქრობთ, NOKA-ს ტექნოლოგია საკმაოდ პოპულარული გახდება საქართველოში. ავტომატიზებული სისტემები დღითი-დღე უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება მსოფლიოში, შესაბამისად, ქართველ მომხმარებელსაც აქვს სურვილი ყოველდღიური, რუტინული პროცესების შესრულებისას დაზოგილი დრო მეტად მნიშვნელოვანი საქმისკენ, ან სულაც დასვენებისკენ მიმართონ. NOKA არ გეგმავს გახდეს მაღაზიათა ქსელი, ეს არის ტექნოლოგია, რომელიც სავაჭრო ობიექტებისთვის შეიქმნა და მაქსიმალურ კომფორტს სთავაზობს როგორც ბიზნესს, ასევე მომხმარებელს. NOKA-ს უმთავრესი მიზანი მაღალი ტექნოლოგიების დახმარებით ეფექტური, მოქნილი და კომფორტული გარემოს შექმნაა როგორც ვაჭრობის სფეროს ბიზნესის, ასევე მომხმარებლებისთვის", — ამბობს დავით თოფჩიშვილი - კომპანია FINA-ს დამფუძნებელი.
კომენტარები