NASA-ს მარსმავალმა დაამტკიცა, რომ ჯეზეროს კრატერში ძველად ტბა არსებობდა
ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) მიერ წითელ პლანეტაზე გაშვებულმა მარსმავალმა Perseverance ახალი მონაცემებით დაამტკიცა, რომ ჯეზეროს კრატრში ძველად ტბა არსებობდა. ამის შესახებ მეცნიერები გამოცემაში Science გამოქვეყნებულ ნაშრომში საუბრობენ.
45 კილომეტრი დიამეტრის მქონე კრატერს აპარატი მას შემდეგ იკვლევს, რაც მიმდინარე წლის თებერვალში იქ დაეშვა. სპეციალისტები დიდი ხნის განმავლობაში ვარაუდობდნენ, რომ ეს ადგილი მილიონობით წლის წინ წყლით იყო სავსე, თუმცა ამ დრომდე ამის დამამტკიცებელი საბუთი არ მოგვეპოვებოდა.
NASA-ს მარსმავალმა იქ ისეთი გეოლოგიური წარმონაქმნების ფოტოსურათები გადაიღო, რომელთა ფორმირებაც მხოლოდ ტბაში მდინარის ჩადინებით აიხსნება. მეცნიერთა აზრით, მათი სტრუქტურა იმაზე მიუთითებს, რომ ეს შესართავი საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არსებობდა.
Perseverance-ს მიერ დაფიქსირებულ კადრებში კარგად ჩანს ქანების შრეები, რომელთა გასაჩენადაც ტენიანი ატმოსფეროა საჭრო. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ადრე მარსის ზედაპირი, დედამიწის მსგავსად, ტბებით და, შესაძლოა, ოკეანეებითაც კი იყო დაფარული.
"როვერს შორს წასვლა არ დასჭირვებია ერთ-ერთი უდიდესი გამოცანის ამოსახსნელად — იყო თუ არა ძველად ჯეზეროს კრატერში ტბა. სანამ აპარატი იქ დაეშვებოდა და ამ ვარაუდის მართებულობას საბოლოოდ დაამტკიცებდა, ეს საკითხი ყოველთვის კითხვის ნიშნიშ ქვეშ იყო", — აცხადებს ნაშრომის თანაავტორი, ბენჯამინ უეისი.
აღსანიშნავია, რომ ეს ქანები იდეალურია ცოცხლი ორგანიზმების კვალის მოსაძებნად, რომლებიც, შესაძლოა, ოდესღაც მარსზე ბინადრობდნენ. ახალი მიგნება, ასევე, დაგვეხმარება გავიგოთ, როდის დაიწყო მარსმა ისეთ მშრალ პლანეტად გადაქცევა, როგორიც ახლაა.
კომენტარები