ახალი პრეპარატი კორონავირუსით ინფიცირებულებში სიკვდილიანობას 50%-ით ამცირებს — კვლევა
აბის მიღება შესაძლოა კორონავირუსთან ბრძოლაში დაგვეხმაროს.
ფარმაცევტული კომპანიის Merck & Co-ს პრესრელიზში ნათქვამია, რომ ახალმა პრეპარატმა კორონავირუსთან ბრძოლაში დიდ წარმატებას მიაღწია. ახლა კომპანიას მარეგულირებლებისგან ნებართვა დასჭირდება, რათა უზრუნველყოს აბებით ფართო საზოგადოების უზრუნველყოფა.
გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია
კომპანიის თქმით, წამლის ხუთდღიანი კურსი წარმატებით ამცირებს კორონავირუსის ჰოსპიტალიზაციასა და შემდგომ ავადმყოფობასთან დაკავშირებულ სიკვდილს. პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ის მიზნად ისახავს მუშაობას აშშ-ს და მის ფარგლებს გარეთ ჯანდაცვის ოფიციალურ პირებთან, რათა მოხდეს პრეპარატის გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია.
თუ ახალი პრეპარატი გამოყენებისთვის დამტკიცდება, ეს მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება პანდემიის აღმოსაფხვრელად. აბით მკურნალობის შემთხვევაში კორონავირუსით ინფიცირებულებში ჰოსპიტალიზაციის საჭიროება და სიკვდილიანობა 50%-ით შემცირდება. რაც შეეხება ციფრებს, პაციენტებს შორის, რომლებიც პრეპარატს იღებდნენ, 7,3 პროცენტს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია, ხოლო პლაცებოს მიღების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 14,1 პროცენტი იყო.
ახალი პრეპარატი სხვა ვირუსების წინააღმდეგ
"უსაფრთხო, ხელმისაწვდომი და ეფექტური — ასე შეგვიძლია შევაფასოთ პრეპარატი, ეს კორონავირუსთან ბრძოლაში მნიშვნელოვანია", — ამბობს პროფესორი პიტერ ჰორბი, ოქსფორდის უნივერსიტეტიდან.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ეს შედეგები პერსპექტიულია და იმედებს აჩენს, მათ კვლავ გადამოწმება დასჭირდებათ. თავის მხრივ, კომპანიის აღმასრულებლები აცხადებენ, რომ ისინი მჭიდრო კონტაქტში არიან სურსათისა და წამლის ადმინისტრაციასთან (FDA) და მალე გადაუდებელი გამოყენების ნებართვის მისაღებად განაცხადსაც წარადგენენ.
რაც შეეხება უშუალოდ აბის მოქმედებას, ის ფერმენტის შეჩერებით მუშაობს, რომელსაც კორონავირუსი თავისი გენეტიკური კოდის და საკუთარი თავის გამეორებისთვის იყენებს. მნიშვნელოვანია, რომ პრეპარატმა მსგავსი მოქმედება სხვა ვირუსების წინააღმდეგაც გამოავლინა. ეს ნიშნავს, რომ ახალი პრეპარატი შეიძლება ეფექტური იყოს სხვა ვირუსების მიმართაც.
თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.
კომენტარები