Moderna კორონავირუსისა და გრიპის საერთო ვაქცინაზე მუშაობს
SARS-CoV-2-ის გამოჩენასთან ერთად, მისი და გრიპის მსგავსებაზე ბევრი ადამიანი ალაპარაკდა. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ ორივე ჰაერ-წვეთოვანი გზით ვრცელდება და განსაკუთრებულად საშიშია, როგორც ხანდაზმულებისთვის, ასევე ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის. სინამდვილეში კი ისინი ერთმანეთისგან საგრძნობლად განსხვავდებიან — კორონავირუსი გრიპთან შედარებით, მეტად გადამდები და სახიფათოა.
ამის მიუხედავად, ამერიკულ ბიოტექნოლოგიურ კომპანია Moderna-ს ისეთი პრეპარატის შექმნა სურს, რომელიც ორივე მათგანს შეუტევს. ამ გეგმის შეხახებ ინფორმაცია ახლახან გამართულ ყოველწლიურ ღონისძიებაზე გასაჯაროვდა. ფარმაცევტული დაწესებულების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კორონავირუსისა და გრიპის საერთო ვაქცინას დამატებითი დოზის სახე ექნება და ერთი ინიექციით სხვადასხვა პათოგენს შეებრძოლება.
“დღეს ვაანონსებთ პირველ ნაბიჯს რესპირატორული ვაქცინების პროგრამაში, რომლის ფარგლებშიც COVID-19-ისა და გრიპის საწინააღმდეგო "ბუსტერ" დოზას შევქმნით. მსგავს პროგრამებში პაციენტთა ჩართვის პროცესი წინ მიიწევს, მათ შორისაა სიმსივნის ვაქცინის პერსონალიზებული ცდებიც. გვჯერა, რომ ეს ინფორმაციული რნმ-ის ტექნოლოგიაზე დაფუძნებული მედიკამენტების განვითარების ახალი ერის დასაწყისია", — აღნიშნავს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, სტივენ ბენსელი.
Moderna-მ ღონისძიებაზე საზოგადოებას სხვა სიახლეებიც გააცნო. ის ინფორმაციული რნმ-ის შემცველ ვაქცინებზე მუშაობას იწყებს, რომლებიც სიმსივნის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და რესპირატორული ინფექციების დამარცხებაში დაგვეხმარებიან.
უნდა ითქვას, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების უმეტესობა, მათ შორის Moderna-ს პრეპარატი, საკმაოდ უსაფრთხო და ეფექტიანი აღმოჩნდა და მრავალი ადამიანის სიცოცხლე იხსნა. თუმცა, ახალი შტამების გაჩენა უფრო მძლავრი თავდაცვის საჭიროებას ქმნის. რამდენიმე ქვეყანამ მოსახლეობისთვის რეიმუნიზაციის ჩატარების გადაწყვეტილება უკვე მიიღო. ასეთია, მაგალითად, დიდი ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები.
ამგვარი დამატებითი დოზის საუკეთესო ვარიანტად, შესაძლოა, მალე სწორედ Moderna-ს მიერ შემოთავაზებული ინექცია იქცეს, რომელიც არა მხოლოდ კორონავირუსისგან, არამედ გრიპისგანაც დაგვიცავს.
კომენტარები