ისრაელმა ავტონომიური, ორ ტყვიამფრქვევიანი რობოტი წარადგინა
ისრაელის თავდაცვის ძალებმა ბრუტალური შესახედაობის, დისტანციურად მართვადი და ამავდროულად ავტონომიური რობოტი წარადგინა, რომლის თავზე ორი დიდი ტყვიამფრქვევია მოთავსებული. ამის შესახებ ინფორმაციას CBS News ავრცელებს.
ავტონომიური მკვლელი მანქანა, სახელმწიფოს ხელში არსებულმა Israel Aerspace Industries-მა შექმნა. მისი დანიშნულება ქვეითი ჯარის დაცვა და საბრძოლო ზონებში პატრულირებაა. ავტონომიური დანადგარი უკვე გაეხვა კრიტიკის ქარცეცხლში, რადგან ექსპერტები თვლიან, რომ ის ომის კანონებს ეწინააღმდეგება, თუმცა რამდენად არსებობს კანონები ომში, ცალკე საკითხია.
რობოტი, სახელად REX MKII, Jaguar-ის დიდი ვერსიაა.
ამ უკანასკნელს ისრაელი უკვე ფართოდ იყენებს ღაზას სექტორის საზღვრის საკონტროლებლად. Jaguar ასე გამოიყურება და თუ ზემოთ მოყვანილ ფოტოს შეადარებთ, დაინახავთ, რომ REX ბევრად უფრო მრისხანედ გამოიყურება.
გარდა ავტონომიური სახმელეთო რობოტებისა, ისრაელი ასევე იყენებს დრონებსა და მართვად რაკეტებს, რაც მათ უდიდეს ტაქტიკურ უპირატესობას აძლევს ჰამასსთან დაპირისპირებაში. შეგახსენებთ, რომ ექსტრემისტული ისლამური დაჯგუფება ღაზას სექტორს 2007 წლიდან აკონტროლებს.
Human Rights Watch-ის უფროსმა მკვლევარმა, ბონი დოჩერტიმ CBS-სთან საუბარში აღნიშნა, რომ "მანქანებს არ ესმით ადამიანური სიცოცხლის ფასი და მათი გამოყენება ადამიანის უფლებებს უხეშად არღვევს".
ამ ეტაპზე REX MKII-ის სამართავად "პლანშეტით შეიარაღებული" ადამიანია საჭირო, თუმცა ისრაელს სურს, რომ რობოტი სრულად ავტონომიური გახდეს.
"ჩვენ შეგვიძლია ვაქციოთ რობოტი სრულად ავტონომიურად" — აღნიშნავს Israel Aerospace Industries-ის წარმომადგენელი რანი ავნი.
ასეთი ავტონომიური რობოტებისა და დრონების წინააღმდეგ უკვე არაერთი კამპანია დაიწყო. ადამიანები თვლიან, რომ მათ წინააღმდეგ ბრძოლა უსამართლობაა. გაერო (გაერთიანებული ერების ორგანიზაცია) აღნიშნავს, რომ ზოგიერთი ქვეყანა კონფლიქტის ზონებში დაღუპული ადამიანების საკითხებს უკვე მიაწერს დრონებს და რობოტებს, რომლებიც ავტონომიურად გადაადგილდებიან და შეუძლიათ ცეცხლის გახსნა. გაეროს აზრით ეს ტენდენცია შემაშფოთებელია, თუმცა, როგორც ჩანს, ისრაელს ეს არ ადარდებს და რობოტების განვითარებას აქტიურად განაგრძობს.
კომენტარები