გაიცანით 10 წლის გოგონა, რომელსაც უფრო მაღალი IQ აქვს, ვიდრე აინშტაინს და ჰოკინგს
ადჰარა პერეზ სანჩესი, 10 წლის გოგონაა, რომელიც 162 IQ-ს ფლობს და ორი ქულით უსწრებს ალბერტ აინშტაინისა და სტივენ ჰოკინგის შედეგს. მას დიდი გეგმები აქვს, სურს გამოვიდეს ასტრონავტი, შეცვალოს სამყარო, გაემგზავროს კოსმოსში და მარსის კოლონიზაციაშიც აქტიური მონაწილეობა მიიღოს, იტყობინება NBC San Diego.
და ის ოცნების ასახდენად უკვე პატარა ასაკიდან ბევრს შრომობს. სამი წლის ასაკიდან ისწავლა კითხვა, რთული თავსატეხების კეთება და ალგებრასაც კი დაეუფლა. ახლა ის სისტემურ და სამრეწველო ინჟინერიას სწავლობს, მათემატიკაზე ორიენტირებით.
თუმცა, ცხოვრება მისთვის ადვილი არ ყოფილა. მას სამი წლის ასაკში დაუსვეს ასპერგერის სინდრომი, რომელიც აუტიზმის სპექტრზეა და შეიძლება გაართულოს სოციალური ინტერაქცია.
მას ამ მხრივ სკოლაში პრობლემები ექმნებოდა, ამიტომ მშობლებმა კერძო რეპეტიტორები დაუქირავეს. ოჯახისთვის ეს რთული პერიოდი იყო, თუმცა, მალევე აღმოჩნდა, რომ ბავშვს შესანიშნავი IQ ჰქონდა. მისი IQ 162 იყო, ამასთან 130 ქულა უკვე კარგ შედეგად ითვლება.
ამის შემდეგ, პატარა გენიოსმა სწავლა სპეციალურ სასწავლებლებში განაგრძო, რამაც საშუალება მისცა დაწყებითი სკოლა 5 წლის ასაკში დაესრულებინა, ხოლო საშუალო და მაღალი სკოლა 6 და 8 წლის ასაკში დაამთავრა.
დღეისათვის, ის უკვე უნივერსიტეტში სწავლობს და მეტიც, შავ ხვრელებზე მოხსენებით წარადგინა თავისი უნივერსიტეტი — CNCI, Tijuana-ს ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე. გოგონას შემდეგი დანიშნულების ადგილი არიზონას უნივერსიტეტია, რომელიც მისი ოცნების სასწავლებელია. ადჰარა უკვე მიიწვია სასწავლებლად უნივერსიტეტის პრეზიდენტმა რობერტ რობინსმა და ეს ნამდვილად იდეალური ადგილია ახალბედა ასტრონავტებისთვის.
ამასთან, ადჰარა სოციალური ქსელებით თანატოლებს ოცნებების ახდენისკენ ხშირად მოუწოდებს, მან ამაზე წიგნიც კი გამოსცა. როგორც 10 წლის გოგონა ამბობს, "არასდროს უნდა დანებდე და თუ არ ხარ კმაყოფილი იმით სადაც იმყოფები, უნდა დაიწყო ფიქრი იმაზე თუ სად გინდა, რომ იყო".
თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.
კომენტარები