Facebook ბოდიშს იხდის "რასისტი" AI-ისთვის, რომელმაც შავკანიანები "პრიმატებად" მონათლა
Facebook-ს გასული კვირის პარასკევს ბოდიშის მოხდა მოუწია მას შემდეგ, რაც ხელოვნურმა ინტელექტმა ვიდეოში შავკანიან მამაკაცებს "პრიმატების" იარლიყი მიაკრა. კომპანიამ ამას "მიუღებელი შეცდომა" უწოდა და განაცხადა, რომ მომავალში მსგავსი პრობლემის პრევენციის მიზნით საკითხის შესწავლა უკვე დაიწყეს.
როგორც New York Times იუწყება, მომხმარებლებმა, რომლებიც 27 ივნისს Daily Mail-ის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოს უყურებდნენ, ავტომატური მოთხოვნა მიიღეს შეკითხვით, უნდოდათ თუ არა "პრიმატებზე ვიდეოების ყურების გაგრძელება".
"როგორც აქამდე აღვნიშნეთ, ჩვენ ხელოვნური ინტელექტი გარკვეულწილად გავაუმჯობესეთ, თუმცა იგი სრულყოფილი არაა და ამაზე ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო", — განუცხადა Facebook-ის წარმომადგენელმა დანი ლევერმა NYT-ს. "ბოდიშს ვუხდით ყველას, ვისაც ეს შეურაცხმყოფელი რეკომენდაციები მიუვიდა".
სამწუხაროდ, ეს AI-ში "რასიზმის" გრძელი და ბნელი ისტორიის უბრალოდ კიდევ ერთი მაგალითია. მსგავსი რამ მოხდა გასულ წელს, როდესაც გამოვლინდა, რომ Twitter-ის სურათის მოჭრის ალგორითმი ფერადკანიანებს თეთრკანიანებს ამჯობინებდა.
ასევე, გვახსოვს Google-ის სიძულვილის ენის გამოსააშკარავებელი AI, რომელიც შავკანიანების მიმართ განსაკუთრებით მიკერძოებული აღმოჩნდა. NYT-ის თქმით კი, 2015 წელს ამავე კომპანიის AI-იმ შავკანიანებს "გორილების" იარლიყი მიაკრა.
ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური დასწავლის ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად უფრო და უფრო აშკარა ხდება, თუ კომპანიებს თავიანთი მომხმარებლებისთვის ინკლუზიური და მიუკერძოებელი პროდუქტების შეთავაზება უნდათ, მაშინ მათ გარკვეული ზომების მიღება მოუწევთ.
კომენტარები