იმ კომპანიების საყურადღებოდ, რომლებიც თვლიან, რომ ეკოლოგიაზე ზრუნვა რთულია და მათ შესაძლებლობებს აღემატება, ნორვეგიაში დაფუძნებული კომპანია Yara კარგი მაგალითია. ქიმიკატებზე მომუშავე კომპანია, რომელიც სხვადასხვა სასუქებს ქმნის, თავის პროდუქტს ქვეყნის მასშტაბით სატვირთოების დახმარებით არიგებს. თუმცა მათ ახალი გეგმა აქვთ, Yara სრულად ელექტრო, 0 გამონაბოლქვის მქონე სატვირთო გემზე გადადის, რომელიც ბუნებას ნაკლებად დააზიანებს და დანიშნულების ადგილებამდე ავტონომიურად მივა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მიხედვით, ნახშირბადის ემისიების 27% სწორედ ტრანსპორტზე მოდის. საწვავზე მომუშავე სახმელეთო ტრანსპორტი ამ ემისიების 80%-ს გამოყოფენ, სწორედ ამიტომ ცდილობენ ქვეყნები, რომ რაც შეიძლება სწრაფად ჩანაცვლდეს მათი ავტოპარკები ელექტრომობილებით.

სახმელეთო და საჰაერო ტრანსპორტი ამ მხრივ სწრაფად ვითარდება, თუმცა სატვირთო გემების შემთხვევაში ეს პროცესი ფაქტობრივად დაწყებულიც კი არ არის, სწორედ ამიტომ Yara-ს ნაბიჯი შეიძლება სხვებისთვისაც სამაგალითოდ იქცეს.

კომპანიას ელექტრო გემზე გადასვლის გეგმა ჯერ კიდევ 2017 წელს ჰქონდა. მათ ხელშეკრულება Kongsberg-თან გააფორმეს. ეს უკანასკნელი მაღალტექნოლოგიური საზღვაო, სრულად ელექტრო გემების შექმნაზე მუშაობს. გასულ წლის დასაწყისში ნორვეგიის მთავრობამ მწვანე აუნთო ავტონომიური ელექტრო გემების ტესტირებას, ამის შემდეგ კი Yara-მ ოფიციალურად გადაწყვიტა სრულად ელექტრო, ავტონომიურ სატვირთო გემზე გადასვლა.

ახალი გემი 7 MWh-იანი ელემენტითაა აღჭურვილი. მას Yara Birkeland დაარქვეს და ის 13 კვანძით, ანუ 24 კილომეტრ საათი სიჩქარით გადაადგილებასა და 103 სტანდარტული ზომის კონტეინერის გადაზიდვას შეძლებს.

გემს ეკიპაჟი საერთოდ არ ეყოლება, მის მთლიან მოგზაურობას ხმელეთიდან, სამი დატაცენტრიდან გააკონტროლებენ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე