Google-მა დღეს Pixel 5a 5G ოფიციალურად გამოუშვა.

Pixel 5a-მ ახალი ალუმინის დიზაინი მიიღო. გუგლის მის ფერს "Mostly Black-ს" უწოდებს. კარგ განათებაზე მას მცირედით მომწვანო ფერიც დაჰკრავს. სმარტფონს IP67 სერთიფიკატიც მიენიჭა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მტვრისგან და წყლისგან დაცული იქნება. უშუალოდ სმატრფონის ვიზუალი Pixel 4a 5G-სგან დიდად არ განსხვავდება.

Pixel 5a-ს შედარებით დიდი, 6,34 ინჩიანი, 2400x1080 გარჩევადობის OLED ეკრანი ექნება. სამწუხაროდ მისი განახლების სიხშირე ისევ 60 ჰერცზე დარჩება.

სმარტფონი Snapdragon 765G პროცესორითა და 6GB LPDDR4X ოპერატიული მეხსიერებით აღიჭურვება. შიდა მეხსიერება 128 გიგაბაიტს შეადგენს.

განახლება არ შეხებიათ კამერებს. სმარტფონის უკანა მხარეს 12 მეგაპიქსელიან f1.7 ძირითად კამერასა და 16 მეგაპიქსელიან f2.2 ულტრაფართო ლინზას შევხვდებით. წინა კამერა 8 მეგაპიქსელიანი იქნება 2.0-იანი დიაფრაგმით.

ყველაზე დიდი განახლება ელემენტს შეეხო. Pixel 4a 5G-ს ელემენტის მოცულობა 3885mAh იყო, ხოლო Pixel 5a 4680mAh-იანი ელემენტით გამოვა, რაც ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯია. სამწუხაროდ სმარტფონს უსადენო დამუხტვის ფუნქცია არ ექნება, მაგრამ მისი დატენვა სწრაფად, 18 ვატიანი დამტენით იქნება შესაძლებელი.

გარდა ამ ცვლილებებისა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ Pixel 5a 5G Pixel 4a 5G-ის იდენტური იქნება.

სმარტფონის წინასწარი გაყიდვების მიღება ამერიკასა და იაპონიაში დღეს იწყება.

Pixel 5a 5G-ს ნამდვილად იდეალური ფასი ექნება. მის შეძენას სულ რაღაც 449 დოლარად შეძლებთ. სმარტფონების მიწოდება 26 აგვისტოს დაიწყება.