TikTok თინეიჯერებს გვიან ღამით თავს აღარ შეახსენებს
TikTok თინეიჯერებს გვიან ღამით შეხსენებებსა თუ შეტყობინებებს აღარ გაუგზავნის, ეს კი პლატფორმის ბავშვთა უსაფრთხოების ახალ წესებთანაა კავშირში.
პოზიტიური ციფრული ჩვევების პოპულარიზაციისა და მშობლების ხელშეწყობის მიზნით, იმისათვის, რომ ბავშვებმა ძილთან დაკავშირებული სწორი ჩვევები გამოიმუშაონ, 13-15 წლამდე ასაკის მომხმარებლებს TikTok 21 საათის შემდეგ თავს აღარ შეახსენებს. ხოლო 16-17 წლის მოზარდებთან ნოთიფიკაციები 22 საათის შემდეგ არ გამოჩნდება.
გარდა ამისა, 16-17 წლის თინეიჯერებს პირადი შეტყობინებების ფუნქციის გააქტიურება თვითონ, მენიუდან მოუწევთ, ხოლო 16 წლამდე მომხმარებლებს ტიკტოკზე პირადი შეტყობინებების ფუნქცია სრულად გამორთული აქვთ.
"გვინდა დავეხმაროთ თინეიჯერებს, რომ მიიღონ გადაწყვეტილებები მათი უსაფრთხოების პარამეტრებთან დაკავშირებით. ასე რომ, როცა 16-17 წლის მომხმარებელი რეგისტრირდება ტიკტოკზე, მას შეეძლება მიმოწერის ფუნქცია გაიაქტიუროს. ხოლო უკვე არსებული ანგარიშები მიიღებენ შეტყობინებას, რომელიც მათ თხოვს, მათი უსაფრთხოების პარამეტრები შეათვალიერონ და სურვილის შემთხვევაში, გამოიყენონ მიმოწერის ფუნქცია", — ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
16 წლამდე მომხმარებლები კი, რომლებიც პირველად დებენ თავიანთ ვიდეოს, მიიღებენ პოპ-აპ შეტყობინებას, რომელიც მათ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პარამეტრების უკეთ გაგებაში დაეხმარება. ისინი ვერ შეძლებენ ვიდეოს გამოქვეყნებას მანამ, სანამ არ მიუთითებენ აუდიტორიას — ანუ იმას, თუ ვის შეეძლება კონკრეტული ვიდეოს ნახვა.
სიახლე ნაკლებადაა ის, რომ TikTok თინეიჯერებში საკმაოდ პოპულარული სოციალური ქსელია და სხვა ციფრული პლატფორმების მსგავსად, აქაც დიდია ჩაგვრისა და პოტენციურად საზიანო კონტენტის გავრცელების რისკი.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ში 12 000-ზე მეტმა ადამიანმა, ღია წერილით მოთხოვა TikTok-ს მშობლებს შვილების ანგარიშების კონტროლის შესაძლებლობა. TikTok-მა განაცხადა, რომ ის მუშაობს თინეიჯერებთან ერთად, იმისათვის რომ მეტად უსაფრთხო სივრცე შექმნას.
იმისათვის, რომ პლატფორმაზე ვინმე დარეგისტრირდეს, 13 წლის მაინც უნდა იყოს, თუმცა, როგორ აზუსტებს სოციალური ქსელი მომხმარებელთა ასაკს, უცნობია. მიუხედავად ამისა, პლატფორმა 13 წლამდე მომხმარებელთა იდენტიფიცირებას ახერხებს. მაგალითად, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში TikTok-ის ცნობით, 7.3 მილიონი 13 წლამდე მომხმარებლის ანგარიში წაიშალა.
კომენტარები