ისრაელში დაბადებულ ჩვილს მუცელში თავისივე ტყუპისცალი აღმოაჩნდა
"ჩანასახი ჩანასახში" ტიპის დაბადების შემთხვევები ძალიან იშვიათია, მაგრამ არა — გაუგონარი.
The Times of Israel-ის მიხედვით, თვის დასაწყისში ექიმები უჩვეულოდ გადიდებული მუცლის მქონე გოგონას დაბადებამ შეაშფოთა. ახლო დაკვირვების შედეგად, შიგნით ადამიანის არასრულად განვითარებული ემბრიონი აღმოაჩინეს, რაც შესაძლოა ნიშნავდეს, რომ პრენატალური განვითარებისას ერთმა ტყუპმა მეორე შთანთქა.
ფენომენი, რომელსაც "ჩანასახი ჩანასახში" ტიპის დაბადებას უწოდებენ, ძალიან იშვიათია — 500 ათასში ერთი — მაგრამ დაბადების მაჩვენებლიდან გამომდინარე, არც მთლად გაუგონარი, მიუხედავად ამისა კი, მოვლენის პრაქტიკაში ხილვა კვლავაც აღმაშფოთებელი აღმოჩნდა.
"გაგვაოცა იმის აღმოჩენამ, რომ ეს ემბრიონი იყო", — თქვა The Times of Israel-თან საუბრისას ომერ გლობუსმა, ნეონატოლოგიის ხელმძღვანელმა ასუტას სამედიცინო ცენტრში, სადაც ბავშვი დაიბადა.
მეცნიერმა დაამატა, რომ კვლავაც ამოწმებდნენ, იყო თუ არა ერთზე მეტი ემბრიონი, რადგან ექიმების გუნდმა ქსოვილის ორი სხვადასხვა ბურთულა ამოიღო ბავშვის მუცლიდან.
არასრულად განვითარებულ ემბრიონს ორგანოებიც ჰქონდა, მათ შორის ძვლები და გული, თუმცა, ექიმებმა The Times-თან მკაფიოდ აღნიშნეს, რომ დედმამიშვილის მკვლელობას არ ჰქონია ადგილი — ემბრიონი სრული განვითარებისგან შორს იყო და ცოცხალიც არასოდეს ყოფილა.
"ისეთ ემბრიონს სულაც არ ჰგავდა, როგორსაც ამ სიტყვის გაგონებაზე წარმოიდგენთ ხოლმე", — თქვა გლობუსმა.
Live Science-ის მოხსენებით, ექსპერტები ეჭვობენ, რომ "ჩანასახი ჩანასახში" ტიპის დაბადება განვითარებად ტყუპებს შორის პარაზიტიზმის იშვიათი ფორმაა. ამ დროს იდენტური ტყუპი უნებლიედ შთანთქავს მეორეს, სანამ მისი განვითარება დასრულდება — თუმცა, ამ შემთხვევაში შთანთქმული ტყუპი ნაწილობრივ შენახულია. სხვები ვარაუდობენ, რომ შიგნითა ემბრიონი სინამდვილეში პრენატალური სიმსივნის სახეობაა, რომელიც იგივე სახის უჯრედებს შეიცავს, რომელსაც ადამიანის განვითარებადი ემბრიონი.
მიუხედავად მრავალი პასუხგაუცემელი კითხვისა იმის შესახებ, თუ როგორ და რატომ ხდება ეს, The Times-მა დაადასტურა, რომ ბავშვი და დედა საავადმყოფოდან სახლში უკვე გაწერეს და ისინი სრულ გამოჯანმრთელებას ელიან.
კომენტარები