კანადაში 300-მდე ხანძარი მძვინვარებს — ევაკუირებულია 32 000-მდე ადამიანი
კანადის დასავლეთ პროვინციაში — ბრიტანულ კოლუმბიაში საგანგებო სიტუაცია გამოცხადდა, ანომალიური სიცხეებისა და ძლიერი ქარის გამო ხანძრების რიცხვი დღითიდღე იზრდება.
"ჩვენ მივაღწიეთ კრიტიკულ წერტილს — საგანგებო სიტუაციების მართვის მენეჯმენტისა და ხანძრების კონტროლის ცენტრისგან მიღებული რჩევების გათვალისწინებით, ჩვენ ვაცხადებთ საგანგებო სიტუაციას მთელ პროვინციაში", — აცხადებს პროვინციის საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის მინისტრი, მაიკ ფარნვორთი.
გადაწყვეტილება მთავრობას აძლევს საშუალებას, დაიწყონ მასობრივი ევაკუაცია დასახლებული პუნქტებიდან.
პროვინციიდან, სამშაბათს, 5700 ადამიანი ევაკუაცია განხორციელდა, რაც ორჯერ მეტია, ვიდრე წინა დღეებში. ჯამში ევაკუაცია უკვე 32 000-მდე ადამიანს შეეხო.
"გთხოვთ მოამზადეთ ევაკუაციის გეგმა თქვენი ოჯახისთვის", — განაცხადა კლიფ ჩაპმანმა, ბრიტანული კოლუმბიის ხანძრებთან ბრძოლის სერვისის დირექტორმა.
ხანძრები დასავლეთ კანადასა და ამერიკის დასავლეთ სანაპიროს რამდენიმე კვირაა უტევენ. ამ ყველაფერს დაემატა ცხელი ჰაერის მასების გუმბათი, რომლის გამოც კანადაში რეკორდული ტემპერატურა დაფიქსირდა.
ჩაპმანის თქმით, ხანძრებმა უკვე გაანადგურა 3 000 კვადრატული კილომეტრის ტერიტორია. ეს მასშტაბი კი, დაახლოებით, სამჯერ მეტია იმასთან შედარებით, რაც რეგულარულად, სხვა წლების განმავლობაში ზიანდება ხანძრისგან.
პროვინციაში ამჟამად 300 აქტიური ხანძარია, ხოლო მეტეოროლოგების აზრით, სიცხეები და ძლიერი ქარი კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება. ქარის სიჩქარე დღითიდღე იზრდება.
ბრიტანული კოლუმბიისა და ამერიკის შეერთებული შტატების საზღვართან ამ დროისთვის 3 000 მეხანძრე ცდილობს ხანძრების ლოკალიზებას.
ამერიკა ამ დროისთვის 80 დიდ ხანძარს ებრძვის. მათგან ყველაზე დიდი ორეგონის ტერიტორიაზეა და უკვე გადამწვარია ლოს-ანჯელესზე დიდი ტერიტორია, რაც დაახლოებით 1 600 კვადრატული კილომეტრია. კვამლმა ამერიკისა და კანადის აღმოსავლეთ ნაწილებამდეც მიაღწია და ცას რუხი ფერი დაედო.
კომენტარები