ლურჯი ჩიპის აქციებს გიგანტი კომპანიები უშვებენ, რომლებიც საკუთარ ინდუსტრიაში ლიდერები არიან. ამ კომპანიებმა გაუძლეს დროს და მოიპოვეს ყველაზე მთავარი, საკუთარი მომხმარებლებისა და აქციონერების ნდობა.

ლურჯი ჩიპის აქციების მქონე კომპანიები, როგორც წესი, დივიდენდებს რეგულარულად იხდიან. ამასთან, იქიდან გამომდინარე, რომ მათი შემოსავლები სტაბილურია, დივიდენდების მოცულობაც მზარდია. მყარი ბიზნეს მოდელებისა და მიმზიდველი შემოსავლების წყალობით, მსგავსმა კომპანიებმა შეძლეს კონსერვატიული ინვესტორების ყურადღება მიეპყროთ. ასეთი ინვესტორები საკუთარი ფულადი სახსრებითვის ყოველთვის ეძებენ ისეთ მყუდრო ადგილს, სადაც მათი დაბანდების შედეგად სტაბილურ შემოსავლებს მიიღებენ.

ლურჯი ჩიპის აქციას უშვებს კომპანია შემდეგი მახასიათებლებით:

  • არის ინდუსტრიის ლიდერი, რომელსაც საიმედო ბიზნეს მოდელი აქვს;
  • აქვს საკმაო გამოცდილება და სარგებლობს საუკეთესო რეპუტაციით მომხმარებლებსა და აქციონერებს შორის;
  • აქვს მაღალი შემოსავლების მიღების ისტორია;
  • რეგულარულად იხდის მზარდ დივიდენდებს;

ლურჯი ჩიპის აქციების მქონე ლიდერი კომპანიები

ფოტო: SevenStorm JUHASZIMRUS / Pexels

შესაძლებელია, არც ინვესტორი ხარ და ვერც მსგავს საკითხებში ერკვევი, მაგრამ დარწმუნებული ვართ, რომ ლურჯი ჩიპის აქციების გიგანტი კომპანიების შესახებ ერთხელ მაინც გსმენია. მათი სახელები საყოველთაოდ ცნობილია და შესაძლებელია ითქვას, რომ ისინი საინვესტიციო სამყაროს მეგა-ვარსკვლავები არიან.

ამ კომპანიების მიერ წარმოებული პროდუქციას მილიარდობით ადამიანი ყოველდღიურად იყენებს. ამ სტატიაში რამდენიმე მათგანის შესახებ მოკლედ მოგიყვებით:

Apple

ეფლი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიაა, რომელიც პიონერია ტექნოლოგიების სფეროში. 80-იანების ინოვაციური Macintosh-ის კომპიუტერებიდან დაწყებული, 2000-იანების iPod-ებით გაგრძელებული და მისი ბოლოდროინდელი პროდუქტების წყალობით, კომპანიამ მსოფლიოს მოსახლეობის დიდი ნაწილის გულები დაიპყრო.

ამ კომპანიის საქმიანობის არეალი საკმაოდ ფართოა და შესაბამისად, შემოსავლებიც სოლიდური აქვს. ეფლის საბაზრო კაპიტალიზაციამ 2018 წელს 1 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა, ხოლო 2020 წლისთვის 2 ტრილიონამდე გაიზარდა — ბუნებრივია, რომ ეს გიგანტი კომპანია კვლავ იზრდება.

Coca-Cola

კოკა-კოლა უხდება ყველანაირ საკვებს, რის გამოც ეს კომპანია საუკუნეზე მეტია სასმელების სფეროში ლიდერია. ეს არის ბრენდი, რომელიც მილიონობით ადამიანმა შეიყვარა და გიგანტ კომპანიად აქცია. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ კოკა-კოლამ მარტივად აუწყო ფეხი ახალ გამოწვევებს და საკუთარი წარმოება მინერალური წყლებისა და სხვა ჯანსაღი პროდუქციის გამოშვების მხრივაც განავითარა.

ამ კომპანიას მზარდი დივიდენდების გაცემაც ახასიათებს, რაც აქციონერებთან ურთიერთობის პოლიტიკის ნაწილია. კოკა-კოლას ფასიანი ქაღალდები ბაზარზე 10 საუკეთესო დივიდენდიან აქციებს შორის შედის.

Walt Disney

ინოვაციები ანიმაციების სამყაროში უოლტ დისნეისთან ასოცირდება. მე-20 საუკუნის დასაწყისიდან კომპანია მედიისა და გასართობი ინდუსტრიის ტიტანად გარდაიქმნა. დისნეის სტუდიები მნიშვნელოვნად განვითარდნენ იმისთვის, რომ ჰოლივუდის ლიდერები გამხდარიყვნენ. კომპანიის აქტივები ABC-ს სამაუწყებლო ქსელსაც მოიცავს. კომპანია ჩართულია ტურიზმის ინდუსტრიაშიც და მომხმარებელს თემატურ პარკებთან ერთად საკრუიზო მოგზაურობებსაც სთავაზობს. ამას ემატება საცალო მაღაზიები, რომლის საშუალებითაც დისნეი კიდევ უფრო სახალხო ხდება.

ინვესტირება ლურჯი ჩიპის ფონდებში

ფოტო: Fauxels / Pexels

თუ გსურს, აქციების "ბუკეტი" შეიძინო გაცვლით სავაჭრო ფონდებს უნდა მიმართო. ამგვარი ინვესტირება შესაძლებელია ლურჯი ჩიპის აქციების ყიდვის დროსაც. შეგიძლია შეიძინო ლურჯი ჩიპის აქციების კრებული და უბრალოდ დაისვენო.

ინვესტირების ეს ტიპი განსაკუთრებით ხიბლავთ საპენსიო ასაკის მქონე ადამიანებს, რომლებიც დაბალი რისკის შემცველ ფასიან ქაღალდებს ეძებენ — მათ არ აქვთ დრო იმისთვის, რომ ბაზრის შოკებით გამოწვეულ პრობლემების მოგვარებაზე იზრუნონ და გარანტირებული შემოსავლის მიღებას ამჯობინებენ.

ფულის დაბანდების ეს გზა მოსწონთ ახალგაზრდა ინვესტორებსაც, რომლებიც საკუთარი რისკის შემცველი პორტფელის დივერსიფიცირების გზებს ეძებენ. ლურჯი ჩიპის ფასიანი ქაღალდების კრებულში ფულის ჩადება იმათთვისაც არის მომხიბვლელი, ვისაც ინდივიდუალური აქციების მართვის საშუალება არ აქვს.

მოკლედ, რაც უნდა გამოცდილი ინვესტორი იყო, სტაბილურ და საიმედო აქციებს ალტერნატივა არ აქვთ. ნებისმიერი კრიზისის დროსაც კი, ამგვარი აქტივი მაქსიმალურად ინარჩუნებს სიმყარეს, რაც შემოსავლების დაკარგვისგან გიცავს. ამასთან, ლურჯი ჩიპის აქციების ფლობისთვის საკმაოდ მსუყე დივიდენდებს იხდიან, რაც ფინანსურ სამყაროში საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია.

ლურჯი ჩიპის აქციები კარგად დაბალანსებულ პორტფელში — კერძი, რომელიც ნებისმიერ საინვესტიციო სუფრას დაამშვენებდა

ფოტო: Hafijul Islam / Dribbble

ლურჯი ჩიპის აქციებში ინვესტირება ყველა ტიპის ინვესტორისთვის ჭკვიანური გადაწყვეტილებაა. დამწყები ინვესტორებისთვის მათთვის ნაცნობ კომპანიებში ფულის ჩადება განსაკუთრებით კომფორტულია, რადგან როდესაც ფულს აბანდებ ისეთ კომპანიაში, რომელიც შენთვის ნაცნობ პროდუქტს აწარმოებს, ეს დამატებით მოტივაციას გიჩენს და გადაწყვეტილებების მიღებაში გეხმარება.

ამ სფეროში გამოცდილი ადამიანებისთვის ამგვარი ინვესტირება იმიტომ არის ხელსაყრელი, რომ ისინი ამით მაღალი რისკის შემცველ აქტივებს აზღვევენ და პორტფელის მეტად დივერსიფიცირებას უწყობენ ხელს. ბუნებრივია, რომ ყველა ინვესტორი რისკისადმი განსხვავებულად ტოლერანტულია, თუმცა ერთი საინვესტიციო სამყაროში ერთი რამ ცხადია — პორტფელის სხვადასხვა ტიპის აქტივით დაბალანსება ძალიან მნიშვნელოვანია.

ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე, როგორც მოგება. თქვენ დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა გასწიოთ თანხის დაკარგვის რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.

გალტ & თაგარტი წამყვანი საინვესტიციო ბანკია საქართველოში, რასაც Global Finance-ის მრავალი ჯილდო ადასტურებს. კომპანია 20 წელია, ბაზარზე ფუნქციონირებს და როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მომხმარებლებს სთავაზობს ყველა ტიპის საინვესტიციო მომსახურებას: საბროკერო და კვლევით მიმართულებებს, საინვესტიციო ბანკინგს, აქტივებისა და ქონების მენეჯმენტს.