იუთუბერმა Windows 11 Windows 10-ს შეადარა და ის გაცილებით სწრაფია
Microsoft ახალ ოპერაციულ სისტემას რამდენიმე დღეში დააანონსებს. ღონისძიება 24 ივნისს, ჩვენი დროით 19:00-ზე გაიმართება. Windows 11-ის გაჟონილი ვერსია უკვე ვნახეთ, ვიზუალურად ის საკმაოდ ლამაზად გამოიყურება. ამჯერად, ერთ-ერთი მომხმარებლის ხელში ახალი ვინდოუსის ოფიციალური ანაწყობი აღმოჩნდა და პირველი სინთეტიკური ტესტების პასუხებიც ვიხილეთ.
შედეგები ნამდვილად გასაოცარია. ვიდეო ერთ-ერთმა იუთუბერმა, Ben Anonymous-მა გვანახა, რომელიც ირწმუნება, რომ მის ხელში Windows 11-ის ოფიციალური ანაწყობი — .build 21996.1 აღმოჩნდა. ტესტებისთვის მან ლეპტოპი გამოიყენა, რომელიც Intel Core i7-10875H-ითა და Nvidia RTX 2070 Super-ითაა აღჭურვილი.
პირველი სიახლე, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია Windows 11-ის ჩართვის სიჩქარეა. ამისათვის მას სულ რაღაც 13 წამი დასჭირდა, რაც Windows 10-ზე 3 წამით უფრო სწრაფია.
ზრდა 3DMark-ის Time Spy ტესტშიც ძალიან დიდი აღმოჩნდა. Windows 10-ზე ლეპტოპმა 6 872 ქულის აღება შეძლო, ხოლო Windows 11-ზე 7 613 ქულას მიაღწია. CPU-ს წარმადობა საგრძნობლად გაიზრდა და 6 573 ქულიდან 8 886-ზე შეძლო ასვლა, ხოლო GPU-ს ქულები 6 927-დან 7 426-მდე ავიდა.
Ben Anonymous-მა CrystalDiskMark-ის მეშვეობით SSD-ის წარმადობაც გაზომა და ზრდა ამ შემთხვევაშიც ძალიან დიდი აღმოჩნდა.
რაც შეეხება Geekbench-ის ქულებს, Windows 10-ზე ლეპტოპმა ცალ ბირთვზე 1 138 ქულის მოგროვება შეძლო, ხოლო 11-ზე 1 251-ის. საგრძნობლად გაუმჯობესდა ყველა ბირთვის მიერ აღებული ქულაც და 6 284-დან 7 444-მდე გაიზარდა.
ასევე, ვიდეოდან ვიგებთ, რომ Microsoft ენერგიის მიწოდების ახალ რეჟიმებსაც ამატებს. იუთუბერმა ASUS-ის ყველა პროგრამა წაშალა და ტესტები ისე ჩაატარა, რომ ლეპტოპის თითოეულ კომპონენტს Windows 11 აკონტროლებდა. გიკბენჩში გამოჩნდა, რომ ქულერები Turbo რეჟიმზე მუშაობდნენ და თერმული თვალსაზრისით ლეპტოპს უკეთესი შედეგები ჰქონდა. რაც უფრო დიდხანს დარჩება CPU და GPU გრილად, წარმადობაც უკეთესი იქნება.
ეს ყველაფერი შეგვიძლია Windows 11-ის თიზერად ჩავთვალოთ. 3 დღეში Microsoft თვითონ წარადგენს ახალ ვინდოუსს და წარმადობის შესახებაც აურაცხელ ინფორმაციას მოგვაწვდის. როდესაც პირველი ოფიციალური ანაწყობი გამოვა, ტესტების ჩატარებას ჩვენითაც შევძლებთ და რეალურ შედეგებსაც აუცილებლად გავიგებთ.
კომენტარები