ატმოსფეროში ნახშირორჟანგის დონემ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია
პანდემიის დაწყების შემდეგ ხშირად შევხვედრივართ ამბებს იმის შესახებ, რომ დიდ ქალაქებში ჰაერის დაბინძურებამ იკლო და ყველას გაგვიჩნდა იმედი, რომ იქნებ ახლა მაინც შევძლოთ იმ პრობლემის გადაჭრა, რომელიც დედამიწელებს ათწლეულებია გვაწუხებს. თუმცა, მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ატმოსფეროში დაგროვილ სათბურის აირებსა და დამაბინძურებლებს ასე მარტივად ვერ მოვიშორებთ. მეტიც, მეცნიერები ამტკიცებენ, რომ CO2-ის დონე ახლა დედამიწის ატმოსფეროში რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს და ბოლო 4 მილიონი წლის მანძილზე ნახშირორჟანგის კონცენტრაციის ასეთი მაღალი დონე არ დაფიქსირებულა.
ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაციისა (NOAA) და კალიფორნიის სან დიეგოს უნივერსიტეტის ოკეანოგრაფიის ინსტიტუტის მეცნიერებმა ახლახან განაცხადეს, რომ მაუნა ლოას ატმოსფერული ობსერვატორიის მონაცემებით, დედამიწის ატმოსფეროში CO2-ის დონემ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, პიკი კი 2021 წლის 21 მაისს დაფიქსირდა. მაისში, ატმოსფეროში ნახშირორჟანგის საშუალო კონცენტრაცია 419.19 პპმ (ნაწილი მილიონზე) იყო.
გასულ წელს გვესმოდა ოპტიმისტური სპეკულაციები იმის შესახებ, რომ COVID-19-ით გამოწვეულმა პანდემიას, რაც უკავშირდებოდა საჰაერო ფრენების კლებას, შემცირებულ ეკონომიკურ საქმიანობას და გლობალურ ლოქდაუნს, შესაძლოა გამოეწვია ატმოსფეროში სათბურის აირების გაფრქვევის შემცირება. მსოფლიოში მართლაც შეინიშნებოდა საკმაოდ ხანმოკლე პროგრესი ამ მხრივ, თუმცა იგი ძალიან მალევე დაუბრუნდა საწყის მაჩვენებელს და აშკარა გახდა, რომ პანდემიის ეფექტი ატმოსფეროზე ძალიან უმნიშვნელო იყო.
აღსანიშნავია, რომ NOAA-მ მაუნა ლოას ამინდის სადგურზე გაზომვების ჩატარება 1974 წელს დაიწყო და მას შემდეგ ატმოსფეროში ნახშირორჟანგის ასეთი მაღალი მაჩვენებელი არ დაფიქსირებულა. ამ სადგურზე ჩატარებული ატმოსფერული ნახშირორჟანგის კონცენტრაციის გაზომვები მიიჩნევა გლობალურ სტანდარტად და წარმოადგენს ყველაზე ხანგრძლივ უწყვეტ გაზომვებს, რაც ამ მაჩვენებელზე ჩაუტარებიათ.
2020 წლის მაისში, მაუნა ლოას სადგურის მონაცემებით, ატმოსფეროში ნახშირორჟანგის კონცენტრაციამ სეზონურ პიკს — 417.1 პპმ-ს მიაღწია, რაც ასევე რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს კაცობრიობის ისტორიაში. ამ მაჩვენებლის ზრდა ბოლო 12 თვის მანძლზე, გასულ რამდენიმე წელთან შედარებით არც ისე სწრაფი იყო, თუმცა, იგი მაინც ახლოსაა 2010-2019 წლებში დაფიქსირებულ საშუალო წლიურ ზრდასთან.
ნახშირორჟანგის კონცენტრაციის ყოველწლიური მატება კიდევ უფრო ამწვავებს კლიმატის ცვლილების პრობლემას. ატმოსფეროში გამოყოფილი CO2, რომლის უდიდესი ნაწილიც ანთროპოგენულ საქმიანობას უკავშირდება, წარმოადგენს სათბურის აირს და მისი რაოდენობის ზრდა ატმოსფერული ტემპერატურის მატებას იწვევს.
ატმოსფერული ნახშირორჟანგის ამჟამინდელი დონე დაახლოებით უტოლდება იმ დონეს, რომელიც დედამიწაზე პლიოცენის დროს იყო, 4.1 - 4.5 მილიონი წლის წინ. თუმცა, დედამიწა მაშინ დღევანდელისგან ძალიან განსხვავდებოდა და აქ ადაიმანების საცხოვრებლად საკმაოდ არახელსაყრელი გარემო იყო. მაშინ არქტიკა ტყით იყო დაფარული, დღევანდელთან შედარებით, ზღვის დონე 23 მეტრით უფრო მაღალი იყო, ზაფხულის ტემპერატურა კი — 8°C-ით მეტი.
ჩვენი პლანეტის მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუმცა ის ნათელია, რომ იმ შემთხვევაში, თუ გარემოს შეუქცევადი ცვლილებებისა და კლიმატის სრული კრიზისის თავიდან აცილება გვინდა, მაშინ დღეს ატმოსფეროში ნახშირორჟანგის გაფრქვევის შემცირება ჩვენი მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს.
კომენტარები