ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველად — FDA-მ ალცჰაიმერის სამკურნალო პრეპარატი დაამტკიცა
სულ ცოტა ხნის წინ, FDA-მ ალცჰაიმერის ახალი სამკურნალო პრეპარატი დაამტკიცა. ეს ნიშნავს, რომ აშშ-ში პრეპარატით მკურნალობა შეეძლებათ. სავარაუდოა, რომ ეს ერთგვარი ტრიგერი გახდება მსოფლიოს სხვა ქვეყნებისთვისაც. აღსანიშნავია, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ალცჰაიმერის სამკურნალო პრეპარატი მტკიცდება.
პრეპარატს მომხრეები და მოწინააღმდეგეებიც ჰყავდა. 2019 წელს კლინიკური კვლევები შეჩერდა კიდევაც, რადგან ჩაითვალა, რომ წამალი არ მოქმედებდა.
თუმცა, მოგვიანებით პაციენტთა მონაცემების ხელახალმა ანალიზმა აჩვენა, რომ პრეპარატის დიდი ხნის განმავლობაში მიღების შემთხვევაში ის მოქმედებს. კვლევამ აჩვენა, რომ პრეპარატმა მეხსიერების დაკარგვაზე იმოქმედა და მან ის შეანელა.
საბოლოოდ აშშ-ს სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) პრეპარატი დაამტკიცა. თუმცა, წამლის მოქმედებას მონიტორინგს მკვლევრებიც გაუწევენ.
"ეს არ ნიშნავს, რომ წამალზე უკვე ფართო წვდომა იქნება. ჯერ რეალური მონაცემების შეგროვება დაგვჭირდება იმაზე თუ როგორ მოქმედებს წამალი პაციენტებზე", — თქვა პროფესორმა კრეიგ რიჩიმ, Brain Health Scotland-ის დირექტორმა, რომელიც ფიქრობს, რომ დიდი ბრიტანეთი და ევროპული მარეგულირებლები აშშ-ს და FDA-ის შეხედულებებს მიიღებენ.
პრეპარატი შეიცავს მონოკლონურ ანტისხეულებს, რომელიც თავის ტვინში ამილოიდური ცილის დაგროვებას უშლის ხელს. ეს უკანასკნელი კი ალცჰაიმერის დაავადების გამომწვევ მიზეზად მიიჩნევა.
პრეპარატი კომპანია Biogen-მა შექმნა და Aducanumab ჰქვია. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში ალცჰაიმერის სამკურნალოდ ასზე მეტი პრეპარატი განიხილებოდა, თუმცა, ვერცერთმა მათგანმა იმედები ვერ გაამართლა.
Aducanumab ამ მხრივ, შესაძლოა, ალცჰაიმერთან ბრძოლის ახალი ეტაპი იყოს.
თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.
კომენტარები