ნახეთ: ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა მასიური ოქროს სარკეები გაშალა
ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა სატესტო რეჟიმში დედამიწაზე უკანასკნელად გახსნა თავისი მასიური სარკის "ფრთები". ტელესკოპი კოსმოსში 2021 წლის ბოლოსთვის გაეშვება. 18 ექვსკუთხა სარკე სამყაროში გაჩენილი პირველი ვარსკვლავების მიერ გამოსხივებული სინათლის დაფიქსირებას შეძლებს.
"ტელესკოპის სარკე ტექნოლოგიური საოცრებაა. მისი გამოყენებით ჩვენ ძალიან შორს გავიხედავთ", — თქვა ლი ფეინბერგმა, NASA-ს წარმომადგენელმა.
სარკეები დაფარულია ოქროს უთხელესი ფენით, რათა უკეთ მოხდეს ინფრაწითელი სხივების სარკეებიდან არეკვლა და მათი აპარატის შემეცნებითი ინსტრუმენტებისკენ მიმართვა. ეს ტელესკოპს საშუალებას მისცემს დააფიქსიროს უსუსტესი მანათობელი წყაროებიც კი.
შეგიძლიათ სიტყვებით არ დაკმაყოფილდეთ და ნახოთ ვიდეო, სადაც ტელესკოპის სარკეები კარგად ჩანს.
ტელესკოპმა გაშვებამდე უკვე ბევრი მკაცრი ტესტირება გაიარა. ეს გულისხმობდა თითოეული ტელესკოპის 132 აქტივატორისა და ძრავის გამოცდას, რაც საბოლოოდ სარკეებს მოძრაობაში ეხმარება.
ტესტები კალიფორნიაში, ტელესკოპის სპეციალურ საკონტროლო ოთახში ხდებოდა. ოთახი აღჭურვილი იყო სიმძიმის კომპენსაციის უნიკალური მოწყობილობებით, რაც ნულოვანი გრავიტაციული გარემოს სიმულაციას ახდენდა.
ტელესკოპის გაშვება 2021 წლის ბოლოსთვის იგეგმება. NASA-ს იმედი აქვს, რომ ჯეიმს ვების სახელობის ეს ტელესკოპი ამოხსნის საიდუმლოებებს ჩვენს მზის სისტემაში, გაეცნობა სხვა ვარსკვლავების გარშემო არსებულ პლანეტებს, გამოიძიებს ჩვენი სამყაროს საიდუმლოებით მოცულ სტრუქტურებსა და მთლიანობაში ბევრად მეტს გვეტყვის სამყაროზე, ვიდრე ის ახლა ჩვენ ვიცით.
კომენტარები