ინოვაციური მოწყობილობა მოსწავლეებისთვის, რომელიც სმარტფონებს მიკროსკოპებად აქცევს
ბავშვისთვის სკოლაში მიკროსკოპი ახალი სამყაროს აღმოჩენის და ცნობისმოყვარეობის გაღვივების საშუალებაა. თუმცა, ზოგ სკოლაში მიკროსკოპი არ არის, ამას დაემატა პანდემია და დისტანციური სწავლება. შესაბამისად, მოსწავლეებში მიკროსკოპებზე მოთხოვნა იზრდება, მაგრამ მიწოდება რთულდება.
სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად, PNNL-ის მეცნიერებმა შეიმუშავეს ახალი მოწყობილობა, რომელიც სმარტფონს მარტივად უკავშირდება და მას მიკროსკოპად აქცევს.
ეს მოწყობილობები მსოფლიოში პირველი მიკროსკოპების დიზაინის თანამედროვე ვერსიაა, თუმცა, ისინი 100x გადიდებას გვთავაზობენ, რაც ცოტა ნამდვილად არ არის. ტექნოლოგია პლასტმასის სამაგრისგან და სპეციალური მინისგან შედგება, რომელიც 3D პრინტერით შექმნეს. მოწყობილობის სმარტფონის კამერასთან დაკავშირების შემდეგ სმარტფონი სამყაროს "მიკროსკპულად" აღიქვამს.
ამ მოწყობილობებს აშშ-ის შორეულ სოფლებში და რეგიონებში მოსაწავლეებს უგზავნიან, რაც მათ სამეცნიერო საგნების ათვისებაში ეხმარება.
"მეცნიერება სამყაროზე დაკვირვებით იწყება. დაკვირვების შემდეგ კი ჩნდება შეკითხვები, რაც მომავლის მეცნიერებს ასაზრდოებს. ჩვენ გვინდა, რომ ბავშვებს სამყაროს შემეცნებაში დავეხმაროთ." — განაცხადა PNNL-ის მთავარმა მკვლევარმა, ელიზაბეტ სტეფენმა.
გასულ წელს, PNNL აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტთან თანამშრომლობდა, რის ფარგლებშიც მოსწავლეებს 1000 ზე მეტი ასეთი მოწყობილობა მიაწოდეს. ახლა, PNNL უფრო დიდ მასშტაბებზე გასვლას და ბევრად მეტი ბავშვის მომარაგებას გეგმავს.
კომენტარები