Boston Dynamics-მა ახალი ტვირთმზიდი რობოტი წარადგინა — ვიდეო
Boston Dynamics-მა ახალი რობოტი წარადგინა, რომლის მისიაც საკმაოდ ცხადია — რობოტს სახელად Stretch ყუთების გადაზიდვა შეუძლია.
რობოტიკის კუთხით, მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კომპანიის მორიგ ქმნილებას მეტად პრაქტიკული გამოყენება აქვს, ვიდრე მის წინამორბედებს Spot-სა და Atlas-ს. თუ ეს ორი უკანასკნელი რობოტიკის შესაძლებლობების დემონსტრირებას ცდილობდა და წარმატებით ახერხებდა, ცეკვითა თუ შთამბეჭდავი ტრიუკებით, Stretch პირდაპირ ყუთების გადაზიდვაზე გადადის და ადამიანებისთვის ყოველდღიური ფიზიკური სამუშაოს შემსუბუქებას ამ გზით ცდილობს. ის (როგორც ყველა რობოტი) აღჭურვილია სენსორებითა და კამერებით, ასევე, წინამორბედებისგან განსხვავებით, დგას ბორბლებზე და აღჭურვილია ერთი კიდურით, რომლითაც 22 კილოგრამი ტვირთის გადატანა შეუძლია.
პრაქტიკულობის გარდა, Stretch ინოვაციური კომერციული რობოტიცაა. გადამზიდი რობოტებისგან განსხვავებით, რომლებიც საწარმოებში გვხვდება, Stretch-ს შეუძლია სხვადასხვა მიმართულებით თავისუფლად იმოძრაოს. ამ მახასიათებლის გამო, ის მეტ საწარმოსა თუ საწყობში შეიძლება გამოიყენონ, ყუთების გადაადგილების, ჩატვირთვის ან გადმოტვირთვის მიზნით.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მსოფლიოს გარშემო არსებული საწყობების ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი არაა მზად ავტომატიზაციისთვის, გადაადგილების თავისუფლებიდან გამომდინარე, Boston Dynamics-ის ახალ ტვირთმზიდ რობოტს ბაზარზე თავის დამკვიდრების პოტენციალი ნამდვილად აქვს.
აღსანიშნავია, რომ აქამდე კომპანიამ Stretch-ის პროტოტიპი, Handle შექმნა და გამოსცადა, თუმცა ის საკმარისად სწრაფად ვერ მუშაობდა. მისგან განსხვავებით, ახალ მოდელს ყუთების მაღალი სისწრაფით და უსაფრთხოდ გადატანა შეუძლია. ამას კი ის ახლადშექმნილი რობოკიდურის დახმარებით ახერხებს.
ჭკვიანი დამჭერი, რომელიც რობოკიდურშია მოქცეული, იყენებს "მოწინავე შეგრძნებასა და კონტროლს", იმისათვის, რომ სხვადასხვა ზომისა თუ ფერის ყუთების გადატანა სწრაფად შეძლოს. გარდა ამისა, რობოტში გამოყენებულია კომპიუტერული ხედვის ტექნოლოგია, რომელიც მას ყუთების ამოცნობის საშუალებას, წვრთნის გარეშე აძლევს. ამას ემატება ისიც, რომ რობოტს საათში 800 ყუთის გადატანა შეუძლია, რაც ექვივალენტურია მსგავსი სამუშაოს შემსრულებელი ადამიანის მიერ საათში გადატანილი ყუთებისა. რობოტის დამუხტვა კი 8 საათში ერთხელაა საჭირო (რაც სიმბოლურადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ, თუ დასაქმებული ადამიანების სამუშაო საათების ხანგრძლივობას გავითვალისწინებთ).
საწყობის თანამშრომლებს მხოლოდ რამდენიმე საათი დასჭირდებათ იმისათვის, რომ გაიგონ, როგორ ეთანამშრომლონ Stretch-ს. Boston Dynamics კი ამ ახალი რობოტის გაყიდვის დაწყებას 2022 წლისთვის გეგმავს.
კომენტარები