ნიუ-იორკში COVID-19-ზე ვაქცინაციის დამადასტურებელი ელექტრონული პასპორტები გამოჩნდა
COVID-19-ზე ვაქცინაციის დამადასტურებელი პასპორტები აშშ-ში უკვე რეალობად იქცა. როგორც USA Today იუწყება, ნიუ-იორკში უკვე გამოჩნდა ელექტრონული პასპორტები, რომლითაც მოქალაქეებს შეუძლიათ დაამტკიცონ, რომ ვაქცინირებულები არიან, ან ცოტა ხნის წინ მიიღეს ნეგატიური პასუხი კოვიდტესტირების შედეგად. პასპორტის გამოსაყენებლად ციფრული საფულის გამოყენებაა შესაძლებელი, როგორც Android-ის მოწყობილობებზე, ასევე iOS-ზე. ასევე, ნიუ-იორკის მაცხოვრებლებს შეუძლიათ QR კოდის დასქრინვაც. ამ გზით, სამომავლოდ, მოქალაქეები სხვადასხვა ღონისძიებაზე შესვლას შეძლებენ.
პირველ ეტაპზე, მსგავს პასპორტებს მოქალაქეებს დიდი დაწესებულებები მოსთხოვს, მაგალითად, შემდეგი კვირიდან მსგავსი დოკუმენტით ისინი Madison Square Garden-ში შევლენ. იგივე დოკუმენტი დასჭირდებათ მათ ცოტა ხანში, Albany's Times Union Center-ში შესასვლელად. სამომავლოდ კი ვაქცინაციის პასპორტის გამოყენება შესაძლოა მეგობრის ქორწილზე მოსახვედრადაც მოუხდეთ.
ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ეს დოკუმენტი, რომელსაც Excelsior Pass-ს უწოდებენ შეიქმნა საზოგადოებისა და ბიზნესის თანამონაწილეობით. მათივე თქმით, IBM-ის მიერ შექმნილი აპლიკაცია პერსონალურ ინფორმაციას დაცულად ინახავს, ვაქცინაციის პასპორტის გაყალბებას კი მოქალაქეები ვერ შეძლებენ.
თუ ეს სიახლე, ერთი მხრივ, მოქალაქეების უსაფრთხოებასა და დაცულობის განცდას უზრუნველყოფს, მეორე მხრივ, წარმოშობს ეთიკურ კითხვებს. რაც არ უნდა დაცული იყოს აპლიკაციაში არსებული თქვენი პერსონალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ, გამოდის, რომ სხვადასხვა ღონისძიებაზე დასასწრებად სამედიცინო ინფორმაცია და მისი დამადასტურებელი საბუთი დაგჭირდებათ. მიუხედავად იმისა, რომ ეს "ვაქცინაციის პასპორტები" ნებაყოფლობითია, შესაძლოა, მისმა არქონამ სოციალურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი დაბრკოლებები შეგიქმნათ.
კომენტარები