SpaceX-ის აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკი, ახალი ქალაქის შექმნას გეგმავს.

სამშაბათს მასკმა ტვიტერზე განაცხადა, რომ ტეხასის შტატში ქალაქის აშენებას აპირებს და მას Starbase-ს დაარქმევს. როგორც ჩანს, ის ქალაქის მშენებლობაზე სერიოზულად ფიქრობს და მის გაშენებას SpaceX-ის სარაკეტო გაშვების და წარმოების ობიექტების გარშემო აპირებს.

საუბარია კამერონის ოლქის სოფელ Boca Chica-ს ქალაქად ქცევაზე. ცნობისთვის, სოფელს ამჟამად ელექტროენერგია აქვს, მაგრამ წყლის საერთო მომარაგების სისტემა არ გააჩნია. თუმცა, SpaceX-ს ეს არ აფერხებს.

კამერონის ოლქის ხელმძღვანელობამ მასკის გეგმები დაადასტურა.

"რამდენიმე დღის წინ, SpaceX-მა კამერონის ოლქს ოფიციალურად მიმართა და ილონ მასკის ინტერესებზე ინფორმაცია მოგვაწოდა." — ამბობენ ოლქში.

"თუ SpaceX და ილონ მასკი ამ ყველაფერზე სერიოზულად ფიქრობენ, მათ ყველა სახელმწიფო დებულების დაცვა მოუწევთ. თავის მხრივ, კამერონის ოლქი, ნებისმიერ შესაბამის შუამდგომლობას, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განიხილავს." — თქვა კამერონის ოლქის მოსამართლემ, ედი ტრევინომ.

მიზნის მისაღწევად, კიდევ ბევრი პროცედურის გავლა იქნება საჭირო, თუმცა, SpaceX-ის გარშემო, ილონ მასკის მიერ აშენებული ქალაქი უკვე საინტერესოდ ჟღერს.