NASA-ს მოხეტიალე მარსზე კოსმოსიდან ExoMars Orbiter-მა დააფიქსირა
18 თებერვალს, NASA-ს მოხეტიალე Perseverance მარსზე წარმატებით დაეშვა. ამ მომენტს უამრავი ადამიანი დიდხანს ელოდა და მორიგი კოსმოსური ვოიაჟი მედია სენსაციად იქცა.
წარმატებული დაშვების შემდეგ, როვერმა მარსს ფოტოები გადაუღო, რომლებიც მალევე გახდა საჯარო. ხოლო ESA-Roscosmos-ის ExoMars-ის პროგრამის ფარგლებში გაშვებული მარსის ორბიტერის (TGO) ობიექტივმა, თვითონ წითელ პლანეტაზე დაშვებული მოხეტიალის ფოტოები გადაიღო.
TGO მარსის ორბიტაზე 2016 წლიდან იმყოფება და წითელი პლანეტის ატმოსფეროს შემადგენლობის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის. კერძოდ, ის აგროვებს მონაცემებს ატმოსფერული მეთანის შესახებ, რაც შეიძლება გეოლოგიური და ბიოლოგიური აქტივობის შედეგი იყოს.
TGO უფრო ვრცელი პროექტის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც მეცნიერები ცდილობენ გაარკვიონ, არსებობდა თუ არა მარსზე სიცოცხლე.
TGO-ს გადაღებულ ფოტოებზე მარსის მოხეტიალე ბუნდოვნად ჩანს, თუმცა მისი დაშვების კვალი შეინიშნება. თუ კარგად დააკვირდებით, ყველა გადანათებული წერტილი მოხეტიალის პარაშუტია. პარაშუტი, რომელიც "საიდუმლო გზავნილს" ინახავდა.
აღსანიშნავია, რომ TGO მოხეტიალეს, Mars Reconnaissance Orbiter-თან ერთად, დაშვებაშიც დაეხმარა. ორბიტერი მნიშვნელოვანი ინფორმაციის შეგროვებას, მოხეტიალის მუშაობის პარალელურად გააგრძელებს. შეგახსენებთ, რომ NASA-ს ერთ-ერთი მისია, მარსზე მიკრობული სიცოცხლის ან მისი ნაშთების ძიებაცაა.
კომენტარები