იპოვეს ირემი, რომელსაც თვალის კაკლებზე თმა ამოსდიოდა
"წერილი გინდა, თუ სიხარული?" — ეს კითხვა თითოეული ჩვენგანისთვის ერთხელ მაინც დაუსვამთ და ვიცით ეს როდის ხდება — მაშინ, როცა თვალში წამწამი გვივარდება. 2020 წლის აგვისტოში, აშშ-ის ტენესის შტატში ნაპოვნ თეთრკუდა ირემს არც წერილი უნდოდა და არც სიხარული, უნდა ვივარაუდოთ, რომ მას მხოლოდ თვალის კაკლებზე ამოზრდილი თმის მოშორება უნდა სნდომებოდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ტენესის ველური ბუნების რესურსების სააგენტომ ოფიციალური განცხადება რამდენიმე დღის წინ გაავრცელა. ანგარიშის მიხედვით, მათ იპოვეს ირემი, რომელიც დეზორიენტირებული იყო და სისხლი მოსდიოდა. მას რქოვანას დერმოიდი (კეთილთვისებიანი სიმსივნის ტიპი) ჰქონდა, სხვაგვარად რომ ვთქვათ, თვალის კაკლები თმით ჰქონდა დაფარული. როგორც უკვე ვთქვით, ირემი 2020 წლის აგვისტოში იპოვეს, თუმცა ცხოველის მდგომარეობას ამ დრომდე სწავლობდნენ.
ირმის სიკვდილის მიზეზად ეპიზოოტიური ჰემორაგიული დაავადება — ინფექციური და ხშირად ფატალური ვირუსი დადგინდა. თუმცა, კიდევ ერთი საინტერესო ასპექტი იყო საყურადღებო — ირმის თვალის რქოვანები მთლიანად თმით იყო დაფარული.
ოფიციალურ ანგარიშში მკვლევრები აღნიშნავენ: "რქოვანას დერმოიდები, რომელიც ამ ირმის შემთხვევაში შეგვხვდა, ხშირად შეიცავს ჩვეულებრივი კანის ელემენტებს, მათ შორის, თმის ფოლიკულებს, საოფლე ჯირკვლებს, კოლაგენსა და ცხიმოვან უჯრედებს. ეს თანდაყოლილი პრობლემაა, რომელიც, სავარაუდოდ, ემბრიონის განვითარების დეფექტის შედეგია".
სავარაუდოა, რომ დაბადებიდან სიკვდილამდე ირემი თვალის კაკლებით თმას დაატარებდა. მინიმუმ მანამ, სანამ მის მხედველობას რქოვანაზე ამოსული თმა მთლიანად არ შეზღუდავდა.
ტენესის ველური ბუნების რესურსების სააგენტოს ცნობით, "მას (ირემს) შესაძლოა დღისა და ღამის ერთმანეთისგან გარჩევა შეძლებოდა, თუმცა, ვერ დაინახავდა, თუ სად მიდიოდა. ეს თვალების რამე ნაჭრით ახვევას შეიძლება შევადაროთ".
აღსანიშნავია, რომ ეს მეორე ირემია, რომელიც რქოვანას დერმოიდი აღმოუჩინეს. პირველი ასეთი ირემიც ტენესის შტატშია ნაპოვნი.
კომენტარები