ქართული სტარტაპი ბიზნესისთვის კრიპტოვალუტით ტრანზაქციების შესაძლებლობას ქმნის — CityPay
გადახდის საშუალებები იცვლება და ეს ბუნებრივი პროცესია. ბარტერიდან პირობით სისტემებამდე, მონეტებიდან ქაღალდის ფულამდე, ხოლო ქაღალდიდან ციფრულ ფულამდე, გადახდის საშუალებები საჭიროებების მიხედვით გარდაიქმნა.
სტატიკური ვერც ციფრული ფული იქნება, დღეს კი მის მომავალს კრიპტოვალუტებთან აკავშირებენ. კრიპტოვალუტები ელექტრონული ფულია, რომლის ნაწილიც სრულიად დეცენტრალიზებულია, რაც ნიშნავს, რომ მისი გამოყენება შუამავლების გარეშე შეგვიძლია.
მნიშვნელოვანია, რომ კრიპტოვალუტებზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება, შესაბამისად მსგავსი გადახდების საჭიროებაც მატულობს. სწორედ ასეთ საჭიროებებს აკმაყოფილებს ქართული სტარტაპი CityPay, რომელიც კრიპტოგადახდის პლატფორმაა.
ამით ქართული სტარტაპი ციფრული ვალუტით ტრანზაქციების შესაძლებლობას ქმნის და ბაზარზე ინოვაციურ გადახდებს ნერგავს. თუმცა, აქამდე სტარტაპმა ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესი გაიარა.
"ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, რეალურ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტი შეგვექმნა, რაც ბიზნესებს არსებულ სიტუაციაში ახალ და უნიკალურ შესაძლებლობებს მისცემდა. თუმცა, ეს მარტივი არ იყო. ამაში ძალიან დაგვეხმარა ყველა ის აქსელერაციის პროგრამა თუ სტარტაპების მხარდამჭერი პროექტი, სადაც არა მხოლოდ კონკრეტულ წარმატებებს მივაღწიეთ, არამედ პროდუქტის კიდევ უფრო დახვეწის შესაძლებლობა მოგვეცა.
გასულ წელს მოვიპოვეთ GITA-ს თანადაფინანსების გრანტი 100 000 ლარის ოდენობით, რაც დიდი ტრამპლინი იყო ჩვენი ბიზნესის განვითარებისთვის, ასევე დავსახელდით Startup World Cup 2020-ის რეგიონის 20 საუკეთესო სტარტაპში და Startup Istanbul-ის რეიტინგში მესამე ადგილზე ვიმყოფებით." — გვითხრა ბექა ქემერტელიძემ, CityPay-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.
როგორც კომპანიაში ამბობენ, ამჟამად, მათ უკვე აქვთ შესაძლებლობა, რომ კომპანიებს სრულფასოვნად მოემსახურონ. ამით კომპანიების მომხმარებლებს, მარტივი QR სკანირებით, პროდუქტის შეძენა და მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან მომსახურების მიღება შეეძლებათ.
ქართული სტარტაპის მსგავსი წარმატება ორმაგად მნიშვნელოვანია იმის ფონზე, რომ ისევე როგორც საქართველოში, რეგიონშიც კრიპტოგადახდების არხით არც თუ ისე ბევრი კომპანია სარგებლობს. რეალურად კი, საერთაშორისო და ლოკალური გადახდების მიღება კრიპტოვალუტით, ერთი მხრივ კომპანიებს უგვარებს მრავალ პრობლემას, მეორე მხრივ კი ძალიან მოსახერხებელია თავად კრიპტოვალუტის მფლობელისთვისაც.
ტრადიციული ადგილობრივი და საერთაშორისო ონლაინ გადახდების მიღების არხებისგან განსხვავებით, CityPay ტრანზაქციების საკომისიოს საგრძნობლად ამცირებს და ამასთანავე, არ აქვს ინსტალაციისა და ინტეგრაციის ღირებულება. შესაბამისად, სტარტაპის პარტნიორ ორგანიზაციებს შესაძლებლობა ექნებათ გადახდები მიიღონ მომენტალურად, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან და საშუალოდ 5-ჯერ უფრო იაფად. ამასთან, გადახდის მიღება პირდაპირ ლარშიც არის შესაძლებელი.
"ეს პროცესები კონვერტაციისას შესაძლო დანაკარგის გარეშე ხორციელდება. შესაბამისად, CityPay-ის პარტნიორი კომპანია საკუთარი პროდუქტის ან მომსახურების გაყიდვისას ღირებულების სრულ თანხას, ადგილობრივ ვალუტაში იღებს, სწრაფად და მარტივად. რაც მთავარია, არ არის საჭირო სფეროს ცოდნა და ამ მხრივ გამოცდილება", — ამბობს ბექა.
ჩვენ სტარტაპის წარმომადგენლებს ვესაუბრეთ იმაზეც, თუ რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში და არის თუ არა კომპანიის მომსახურებაზე მოთხოვნა.
"საქართველოში, როგორც მსოფლიოში, კრიპტოვალუტა ყურადღების ეპიცენტრში სულ უფრო ექცევა. არსებობენ კრიპტოვალუტის მფლობელები, რომელთათვისაც კრიპტოთი გადახდის შესაძლებლობა კომპანიის მხრიდან, დამატებითი ბენეფიტია. მაგალითად, საქართველოში კომპანიებს შესაძლებლობას ვაძლევთ, რომ კრიპტოგადახდები პირდაპირ ლარში მიიღონ, თანაც ზუსტად ის თანხა, რასაც მომხმარებელი იხდის.
თურქეთში კი გადახდების თურქულ ლირაში მიღების შესაძლებლობას ვაძლევთ. ვფიქრობთ, რომ ქართული კომპანიების გლობალური განვითარებისთვის მნიშვნელოვან როლს ვასრულებთ, რაც რეალურად, უკვე ჩვენი მომხმარებელი კომპანიების მაგალითით აისახა — როდესაც პირველი საერთაშორისო გადახდები ჩვენი პლატფორმის საშუალებით მიიღეს", — გვითხრა ბექამ.
სტრატაპში ამ მიღწევებზე გაჩერებას არ აპირებენ. ამჟამად, მათი პლატფორმის გამოყენება ნებისმიერი კომპანიისთვის არის ხელმისაწვდომი. ამისთვის მხოლოდ CityPay-ის პლატფორმაზე რეგისტრაცია და ბიზნესის ვერიფიკაციის ეტაპის გავლაა საჭირო. სტარტაპი უკვე თურქეთის ბაზარზეც არის, სამომავლოდ კი CIS ქვეყნებზე გასვლაც იგეგმება.
კომენტარები