მეცნიერებმა, შესაძლოა, უახლოეს სისტემაში, სიცოცხლისთვის ხელსაყრელი პლანეტა აღმოაჩინეს
ასტრონომები ვარაუდობენ, რომ დააფიქსირეს პლანეტა, რომელიც მზის სისტემის უახლოესი ვარსკვლავის გარშემო ბრუნავს და შესაძლოა ის სიცოცხლისთვის შესაფერისი იყოს. ამის შესახებ ახალი კვლევა journal Nature-ში გამოქვეყნდა.
მკვლევარებმა პერსპექტიული ნათელი წერტილი ალფა კენტავრის გარშემო შენიშნეს. საუბარია ვარსკვლავების ორობით სისტემაზე, სადაც ვარსკვლავების ორბიტები იმდენად ახლოსაა ერთმანეთთან, რომ ისინი შეუიარაღებელი თვალით მხოლოდ ერთად მოგეჩვენებათ.
სისტემა ჩვენთვის 4,37 სინათლის წლით არის დაშორებული და ახალი კვლევის თანახმად, მას შეიძლება სიცოცხლისთვის შესაფერისი პლანეტა გააჩნდეს.
თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ეს აღმოჩენა ჯერ ძალიან ახალია, მეცნიერები მას მხოლოდ "პლანეტის კანდიდატს" უწოდებენ, ვინაიდან ეს შეიძლება იყოს კოსმოსური მტვრის ზოლები, ასტეროიდები, ან თუნდაც ტელესკოპური აღჭურვილობის შეცდომა.
"ჩვენ აღმოვაჩინეთ რაღაც, ეს შეიძლება იყოს პლანეტა, ასტეროიდები ან სულაც მტვერი." — განაცხადა Breakthrough Initiatives-ის მთავარმა ინჟინერმა, პიტ კლუპარმა.
ახალი მიდგომა — "მზეზე თითის აფარება"
ალფა კენტავრის მახლობლად პლანეტების ძიებისას ასტრონომებმა ძალიან დიდი ტელესკოპი (VLT) გამოიყენეს. მკვლევრებმა ახალი მეთოდის გამოყენებით ალფა კენტავრიდან წამოსული ვარსკვლავის შუქი დაბინდეს. ამით მხედველობაში მხოლოდ ვარსკვლავის ორბიტაზე მყოფი სხეულები დატოვეს.
მკვლევრები ახალ მეთოდს, მზის თითით დაბლოკვას ადარებენ. ამ მეთოდით, VLT-ის ასტრონომებმა მგრძნობელობის გაზრდას მიაღწიეს, რომლითაც ჩვენი მზის სისტემის გარეთ პლანეტების სკანირებაა შესაძლებელი.
სასიცოცხლო ზონა
მკვლევრები ინფრაწითელ გამოსხივებას 100 საათის განმავლობაში აკვირდებოდნენ. თუ დადასტურდა, რომ აღმოჩენილი ობიექტი ნამდვილად პლანეტაა, ეს შეიძლება გახდეს პირველი პირდაპირ დამზერილი ეგზოპლანეტა, რომელიც დედამიწის მახლობლად მდებარე ვარსკვლავზე შევნიშნეთ.
"ბევრს მიაჩნია, რომ მსგავს ორობით სისტემებში პლანეტები ვერ წარმოიქმნება. ამიტომ, ჯერ ფრთხილად ვართ და ხმამაღალ განცხადებებს არ ვაკეთებთ. თუმცა, თუ ეს ნამდვილად პლანეტაა, ის დაახლოებით ნეპტუნის ზომისაა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პლანეტის შემთხვევაში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სასიცოცხლო ზონაში იმყოფება. ვარსკვლავისგან ასეთმა დაშორებამ, შეიძლება ხელი შეუწყოს თხევადი წყლის არსებობას. თხევადი წყალი კი მოგეხსენებათ სიცოცხლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია."— ამბობენ მკვლევრები.
კომენტარები