Xiaomi-ის ახალი ტექნოლოგიით სმარტფონს "ჰაერში დატენით"
Mi Air Charge-ის ტექნოლოგია დამუხტავს თქვენს სმარტფონს მაშინაც კი, თუ დამტენამდე რამდენიმე მეტრი გაშორებთ.
Xiaomi-იმ წარადგინა ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას მოგცემთ სმარტფონი "ჰაერში დატენოთ". ტექნოლოგიას Mi Air Charge ჰქვია და აქამდე ცნობილი უსადენო დამუხტვის მოწყობილობებისგან განსხვავდება. კერძოდ, თუ აქამდე ჩვენთვის ცნობილი ინდუქციური დასამუხტი მოწყობილობები სმარტფონის სპეციალურ სადგამზე ან პადზე მოთავსებას ითხოვდნენ, Mi Air Charge-ით შეგიძლიათ ტელეფონი რამდენიმე მეტრის მოშორებითაც დატენოთ. ანუ, შეგიძლიათ გადაადგილდეთ ოთახში და მიუხედავად იმისა, არის თუ არა დასამუხტ მოწყობილობასა და თქვენ შორის რამე საგანი (მაგალითად, მაგიდა, სკამი), დატენოთ ტელეფონი.
ეს ჭეშმარიტი დისტანციური უსადენო დამუხტვის ტექნოლოგიაა. დაახლოებით ასეთივე CES 2015-ზეც ვიხილეთ (Energous WattUp), თუმცა, ის წარმოებაში არ ჩაშვებულა და შესაბამისად, მსგავსი მოწყობილობის შეძენას ვერსად შეძლებთ. მართალია, Xiaomi-ის ტექნოლოგიის მახასიათებლებზე, ან მოწყობილობის გამოსვლის დროზე ჯერ არაფერი უთქვამს, მაგრამ მას აქვს 17 პატენტი ამ მიმართულებით, რაც სხვა მწარმოებლებთან შედარებით, გაცილებით მეტია.
Mi Air Charge Technology 5W-იანი დასამუხტი სისტემაა, რომელზეც ჯერ დაზუსტებით ბევრი არაფერი ვიცით. თუმცა, სავარაუდოდ, იყენებს მილიმეტრულ რადიოტალღებს, რომელთაც დასამუხტ ელექტრომოწყობილობასთან აგზავნის. Xiaomi ამტკიცებს, რომ მისი ახალი ტექნოლოგია "არ არის სამეცნიერო ფანტასტიკიდან" და ის ნამდვილად შეძლებს ერთდოულად რამდენიმე მოწყობილობა დამუხტოს, იქნება ეს სმარტფონი, ჭკვიანი საათი თუ დინამიკი.
კომენტარები