თუ გვინდა, რომ 2015 წლის პარიზის შეთქნხმების მიზნებს მივაღწიოთ, აშკარაა, რომ წარსული ემისიები უნდა უკუვაქციოთ. სწორედ ამიტომ, სან დიეგოს და A&M უნივერსიტეტის მკვლევრებმა ანგარიში გამოაქვეყნეს, სადაც მეცნიერები "ნახშირბადის დაჭერის" ტექნოლოგიის მასობრივი ქსელის აუცილებლობაზე საუბრობენ.

Nature Communications-ში გამოქვეყნებულ კვლევაში აღნიშნულია, რომ გლობალური დათბობისადმი მიდგომა, საომარი მოქმედების დროინდელ საგანგაშო მდგომარეობას უნდა დაემსგავსოს, რაც პრობლემის მოგვარებისთვის უფრო რეალისტური ალტერნატივაა, ვიდრე არსებული, გავრცელებული მიდგომები.

მეცნიერების თქმით, მსოფლიოს მშპ-ის 1-2%-ით, 2050 წლამდე 800-მდე ნახშირბადის მშთანთქმელი (Carbon Capture) დაწესებულების აშენება შეიძლება, რითიც მსოფლიოს ემისიების 5%-ის უკუქცევა იქნება შესაძლებელი. მხოლოდ ამით, პარიზის შეთანხმებისას დადებული დაპირებები ვერ მიიღწევა, თუმცა კარგი დასაწყისი იქნება.

მეცნიერების ანგარიში ამ დროისთვის, უბრალოდ, ერთგვარი მონახაზია, რადგან "ნახშირბადის დაჭერის" ტექნოლოგია ახალია და მკვლევრებმა არ იციან, რა ენერგეტიკული ღირებულება ექნება "დამჭერი" საწარმოების გახსნას. ამასთანავე, ბუნდოვანია, როგორ მოხდება ფინანსების მოგროვება გლობალურად და უცნობია, რომელმა ქვეყანამ რამდენი უნდა გადაიხადოს, რომ პროცესი სამართლიანი იყოს.