78 წლის უსინათლოს მხედველობა ახალი ტიპის რქოვანას იმპლანტით აღუდგინეს
78 წლის უსინათლო მამაკაცს მხედველობა ახალი ტიპის რქოვანას იმპლანტის დახმარებით აღუდგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას Israel Hayom ავრცელებს. იმპლანტი, სახელად KPro კომპანია CorNeat-ის მიერაა შექმნილი და ის პირველი იმპლანტია, რომლის ინტეგრაცია პირდაპირ პაციენტის თვალზე, დონორის ქსოვილების გარეშეა შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ ოპერაციის დასრულებისთანავე, პაციენტმა შეძლო ოჯახის წევრების ერთმანეთისგან გარჩევა და ციფრების წაკითხვაც კი.
რქოვანა თვალის წინა მხარეს იცავს და მისი დაზიანება სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული. მათ შორის, დაავადებებით, როგორიცაა ფსევდოფაკური ბულოზური კერატოპათია, კეროტოკონუსი თუ პირდაპირი ტრავმით გამოწვეული გართულებები.
რქოვანას იმპლანტები აქამდეც არსებობდა, თუმცა, მათი იმპლანტაცია საკმაოდ კომპლექსური და რთული პროცესი იყო. CorNeat-მა კი ეს პროცესი გაამარტივა და დააჩქარა. გარდა ამისა, იმპლანტი მოიცავს ბიომიმეტიკურ მასალას, რომელიც უჯრედის გამრავლებას ასტიმულირებს და ქსოვილების ინტეგრაციას აჩქარებს.
"ფიბრობლასტები და კოლაგენი თანდათან ედება პაციენტის თვალს, სრული ინტეგრაცია კი რამდენიმე კვირაში მიიღწევა", — ნათქვამია CorNeat-ის განცხადებაში. მსგავსი იმპლანტაცია აუმჯობესებს მხედველობას და უზრუნველყოფს საკმაოდ სწრაფ განკურნებას.
ქვემოთ მოცემული ანიმაცია აჩვენებს, თუ როგორ მუშაობს ეს კონკრეტული რქოვანას იმპლანტი.
კომპანიის თქმით, ახალი იმპლანტის მიღებას ისრაელში კიდევ 10 პაციენტი ელოდება. მიმდინარე თვეში, კანადაში ამ პროცედურას უკვე 2 პაციენტი უცდის, ხოლო საფრანგეთში, აშშ-სა და ნიდერლანდებში 6 ადამიანი შესაბამის წინარე პროცედურებს გადის.
იმპლანტი ელექტრონულ ნაწილს არ მოიცავს და მას შეუძლია მეტ ადამიანს დაეხმაროს, ვიდრე მსგავსი მიზნის მქონე ელექტრონულ მოწყობილობებს შეუძლია. აღსანიშნავია, რომ რქოვანას იმპლანტი მხოლოდ ისეთ პაციენტებს ეხმარება, რომელთა პრობლემაც (უსინათლოობა) რქოვანას დაზიანებასა და დაავადებებს უკავშირდება.
კომენტარები