WhatsApp-მა ოთხშაბათს განაცხადა, რომ 8 თებერვლიდან მფლობელ კომპანიასთან — Facebook-თან მოუწევდა მომხმარებელთა პირადი ინფორმაციის ნაწილის გაზიარება.

სტატისტიკის მიხედვით, ამან საგრძნობლად გაზარდა ისეთი აპლიკაციების გადმომწერთა რიცხვი, როგორებიცაა Signal და Telegram.

Signal გასულ კვირას 7.5-მა მილიონმა ადამიანმა გადმოწერა. ეს ორი კვირის წინანდელ შედეგთან შედარებით 4 200%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. Telegram კი 9 მილიონმა ადამიანმა გადმოწერა, რაც იმას ნიშნავს, რომ ორი კვირის წინანდელ შედეგთან შედარებით, აპლიკაციის მომხმარებელთა რიცხვი 91%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ორივე აპლიკაციის ახალ მომხმარებელთა უმრავლესობა ინდოეთიდანაა.

WhatsApp-მა მომხმარებლებს განუცხადა, რომ მოუწევდა Facebook-ისა და მისი შვილობილი კომპანიებისთვის Whatsapp-ის ისეთი მონაცემების გაზიარება, როგორებიცაა მომხმარებელთა ტელეფონის ნომრები და ლოკაციები. ეს უნდა მომხდარიყო 8 თებერვლამდე, სხვა შემთხვევაში, ისინი დაკარგავდნენ წვდომას აპლიკაციაზე.

WhatsApp-მა ასევე განმარტა, რომ ეს შეეხებოდა აშშ-სა და ევროკავშირის გარეთ მყოფ მომხმარებელს და ასევე აღნიშნა, რომ ეს ცვლილება "არანაირ გავლენას არ იქონიებს პირად ინფორმაციაზე, რომელსაც მესიჯებით მეგობრებსა თუ ოჯახის წევრებს უზიარებთ". ანუ შეტყობინებებს, რომლითაც ოჯახის წევრებსა და მეგობრებს უკავშირდებით, საფრთხე არ ემუქრება.

Sensor Tower-დან მიღებული მონაცემები აჩვენებს, რომ WhatsApp-ის განცხადების შემდეგ, მსგავსი ტიპის აპლიკაციის — Signal-ის მომხმარებელთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

"6 იანვრიდან 10 იანვრამდე, Signal-ის მომხმარებელთა რიცხვი 7.5 მილიონით გაიზარდა გლობალურად App Store-დან და Google Play-დან", — განუცხადა Sensor Tower-ის წარმომადგენელმა Insider-ს.

Signal-ის პოპულარობას, WhatsApp-ის განცხადების შემდეგ, ისეთმა ცნობილმა ფიგურებმაც შეუწყეს ხელი, როგორებიც ილონ მასკი და ედვარდ სნოუდენი არიან.

მასკმა, აღნიშნული განცხადების შემდეგ, Twitter-ზე შემდეგი პოსტი გამოაქვეყნა: "Signal გამოიყენეთ".

ასევე იხილეთ: ილონ მასკის Facebook კრიტიკისა და ტვიტების შემდეგ, Signal-ის მომხმარებლების რაოდენობა რეკორდულად იზრდება

როგორც Signal-ისთვის, ასევე Telegram-ისთვის, ახალ მომხმარებელთა უდიდესი რიცხვი ინდოეთიდანაა. კერძოდ, Signal-ის ახალ მომხმარებელთა 30%-ზე მეტი (2.3 მილიონი) და Telegram-ის სრულ მომხმარებელთა 16% (1.5 მილიონზე მეტი) ინდოელებზე მოდის.

Signal-ისთვის რიგით მეორე უდიდესი ბაზარი აშშ აღმოჩნდა, სადაც, დაახლოებით, ერთმა მილიონმა ადამიანმა გადმოწერა ეს აპლიკაცია.

WhatsApp კი ამ დროს ცდილობს, რამენაირად შეამციროს საზოგადოების შეშფოთება. "გვინდა გამოვეხმაუროთ ჭორებს და ნათლად დაგანახოთ, რომ ჩვენ ისევ განვაგრძობთ თქვენი მიმოწერებისა და პირადი ინფორმაციის უსაფრთხოებაზე ზრუნვას", — განაცხადა კომპანიამ ორშაბათს.

"გვინდა განვმარტოთ, რომ აპლიკაციის წესების განახლება არანაირ გავლენას არ მოახდენს თქვენი პირადი მიმოწერების დაცვაზე. სანაცმლოდ, WhatsApp-ს აპლიკაციაში აპირებს ისეთი ცვლილებების შეტანას, რაც მეტ გამჭვირვალობას უზრუნველყოფს", — დაამატა კომპანიამ თავისი ვებსაიტის ხშირად დასმული შეკითხვების გვერდზე.