Facebook-მა ფუნქცია Nearby მოიპარა და 5 მილიონამდე დოლარის გადახდა მოუწევს
Facebook-ს იტალიური კომპანიისთვის 4.72 მილიონი დოლარის (3.83 მილიონი ევრო) გადახდა მოუწევს. იტალიური სასამართლოს მიერ გუშინ მიღებული ამ გადაწყვეტილების საფუძველი კი ფეისბუქის მხრიდან, დეველოპერული კომპანიისთვის პროდუქტის მოპარვაა. ამის შესახებ Reuters იუწყება. საქმე ეხება Nearby ფუნქციას, რომელიც Business Competence-ის მიერ, 2012 წელს შექმნილი აპლიკაცია Faround-ის ანალოგია.
2012 წელს, Business Competence-მა აპლიკაცია Faround გამოუშვა. ეს ციფრული პროდუქტი მომხმარებლებს მათთან ფიზიკურად ახლოს მყოფი ფეისბუქ მეგობრებისა თუ დაწესებულებების პოვნაში ეხმარებოდა. აპლიკაციამ იტალიური ბაზარი მალევე აითვისა და პოპულარული გახდა. ერთი თვის შემდეგ კი ფეისბუქმა Nearby ფუნქცია აამოქმედა, რის შემდეგაც Faround გამოყენების მაჩვენებელი საგრძნობლად დაეცა.
Business Competence-მა ამ ფაქტზე სასამართლოს პირველადი საჩივრით ჯერ კიდევ 2013 წელს მიმართა. გუშინ გამოტანილი საბოლოო გადაწყვეტილება კი უკვე მიიღეს ფეისბუქში, რომლის წარმომადგენელმაც Reuters-ს განუცხადა, რომ "სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებულია და მას ყურადღებით განიხილავენ".
კომენტარები