ობელისკების რიცხვი უკვე ზედმეტად დიდია — როგორ ხსნიან ამ ყველაფერს
უკანასკნლე ორ კვირაში, დედამიწის რამდენიმე ადგილას გამოჩნდა იდუმალებით მოცული ობელისკი. აღსანიშნავია, რომ არა ერთ, არამედ რამდენიმე სხვადასხვა ინსტალაციასთან გვქონდა საქმე. ყველაფერი კი მაშინ დაიწყო, როდესაც ბიოლოგთა ჯგუფმა, რომელიც დიდრქიანი ცხვრების დათვლის მიზნით, იუტას ველურ ბუნებაში ვერტმფრენით გადაადგილდებოდა, 3.5 მეტრი სიმაღლის მეტალის მისტიკური ობელისკი შეამჩნია. ის, თუ ვინ დაამონტაჟა იუტაში ობელისკი არც მაშინ ვიცოდით და დანამდვილებით, არც ახლა ვიცით.
ამ ამბის შემდეგ ორი კვირაც არ იყო გასული, როდესაც მსგავსი ობელისკები ჯერ რუმინეთში, შემდეგ კალიფორნიაში, პენსილვანიაში, ნიდერლანდებსა და ინგლისის სამხრეთ სანაპიროსთან მდებარე უაიტის კუნძულზე გამოჩნდა. ახლო მომავალში, ალბათ, ისევ მოგვიწევს ახალი ობელისკების ხილვა, თუმცა ამ ამბავმა ცოტა მოსაბეზრებელი და ერთფეროვანი სახე მიიღო.
ყველას გვაინტერესებს, საიდან ჩნდებიან ეს ინსტალაციები, ან რატომ უჩინარდებიან შემდეგ. არის თუ არა ეს ბენქსის (ფსევდო-ანონიმური ინგლისელი გრაფიტის მხატვარი) დონის ხელოვანთა საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგი თუ უცხოპლანეტელთა ხრიკები, რომლებიც უბრალოდ ამით ერთობიან?
ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა არსებობდეს რაიმე მოტივი, რის გამოც ეს ადამიანები თუ უცხოპლანეტელები ასე იწუხებენ თავს და ასე გვაბნევენ. კონსტრუქციები არათანმიმდევრულად დამონტაჟდა — რუმინეთში აშკარად ნაჩქარევად მოხდა მისი განთავსება და იგი ცოტა უშნოდაც გამოიყურებოდა. რაც შეეხება კუნძულ უაიტის ობელისკს, იუტას ინსტალაციასთან შედარებით, იგი უფრო წაწვეტებული ფორმით და სარკისებრი კაშკაშა ზედაპირით გამოირჩეოდა და იგი მიწაშიც კი არ იყო ჩადგმული.
გასულ თვეში ჟურნალ The New York Times-ში გამოქვეყნებული ყველაზე გავრცელებული თეორიის მიხედვით, იუტაში აღმოჩენილი ობელისკი წარმოადგენდა აწ უკვე დაღუპული მოყვარული მინიმალისტი ხელოვანის, ჯონ მაკრაკენისადმი მიძღვნილ ოდას.
"ეს ერთ-ერთი უდიდესი ცრუ განგაშია, რომლის შესახებაც აქამდე მსმენია", — განაცხადა მაკრაკენის ახლო მეგობარმა, ხელოვანმა ჯეიმს ჰეივარდმა.
თუმცა, ის მაინც ვიცით, თუ ვის ეკუთვნის ერთ-ერთი ობელისკი — გასულ კვირას The New York Times-ში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, იუტას ველური გარემოდან ინსტალაცია 4 ადამიანისგან შემდგარმა ჯგუფმა ურიკით მოიპარა, მისი გაუჩინარების შემდეგ ობელისკი რუმინეთიდანაც გაქრა, კალიფორნიაში კი ახალი ინსტალაცია გამოჩნდა გასულ კვირას.
"ჩვენ გვინდოდა ეს გერილა ხელოვნების (პარტიზანული მიმდინარეობა) ნიმუშისთვის დაგვემსგავსებინა, თუმცა როცა იგი ასე გულგრილად და მავნებლურად მოხსნეს, ჩვენ მისი ჩანაცვლება გადავწყვიტეთ", — განუცხადა Times-ს უეიდ მაკენზიმ, ერთ-ერთმა ხელოვანმა.
მიუხედავად იმისა, თუ ვინ შეიძლება ყოფილიყო ამდენი იდუმალებით მოცული ობელისკის ავტორი, ამ უცნაურმა ამბებმა სწორედ მაშინ გადაგვატანინა ყურადღება ჩვენი ყოველდღიურობიდან, როდესაც ყველაზე მეტად გვჭირდებოდა.
იყვნენ ესენი უცხოპლანეტელები თუ დედამიწელი ხელოვნები, მათ ადამიანები ახალ თემაზე აალაპარაკეს, რაც არც პანდემიას ეხება და არც არჩევნებს.
ასევე იხილეთ:
კომენტარები