Qualcomm-მა ახალი პროცესორი Snapdragon 888 დააანონსა, რომელსაც 2021 წლის ფლაგმანებში შევხვდებით
Qualcomm-მა Snapdragon Tech Summit-ზე ოფიციალურად დაანონსა ახალი ჩიპსეტი Snapdragon 888, რომელიც იქნება სმარტფონებისთვის განკუთვნილი უძლიერესი პროცესორი. 888-ის ძალა შემოგვიერთდება 2021 წლის Android სმარტფონებში, რომელსაც შემოგვთავაზებენ კომპანიები როგორიცაა Samsung, Oneplus, Sony, Xiaomi და ა.შ.
ეს ჩიპსეტი საუკეთესო იქნება იმათგან, რაც კი კომპანიას აქამდე შეუქმნია. უნდა აღინიშნოს, რომ სიმძლავრესთან ერთად, მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული 5G მიმღებიც. როგორც იქნა, ახლა უკვე სრულიად ინტეგრირებულ 5G მოდემს გვთავაზობენ, განსხვავებით წინა წლისგან, სადაც Snapdragon 865-თან ერთად ცალკე მოდემის ჩიპი იყო საჭირო 5G ქსელის მისაღებად.
5G განახლებასთან ერთად, Qualcomm-მა ასევე აღნიშნა ისიც, რომ ახალი პროცესორი მეექვსე თაობის AI (ხელოვნური ინტელექტი) ძრავაზე იმუშავებს, რომელიც დიდ ნახტომს გვპირდება ენერგოეფექტურობასა და სიმძლავრეში. ახალი პროცესორი ასევე მოიცავს გრაფიკის გაძლიერების ფუნქციას, თუმცა, ამ უკანასკნელთან დაკავშირებული დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.
დაბოლოს, ახალი პროცესორი, Snapdragon 888 შეძლებს წამში 120 ფოტო გადაიღოს 12 მეგაპიქსელიანი გაფართოებით. როგორც ყოველთვის, Qualcomm-მა დღეს პროცესორი მხოლოდ გარეგნულად გვანახა და ჯერჯერობით, ზუსტად არ ვიცით, თუ რამდენად ძლიერი იქნება ახალი პროდუქტი. თუმცა ვიცით რას გვპირდება კომპანია — Snapdragon 888 იქნება 2021 წლის წამყვანი პროცესორი.
კომენტარები